მამუკა მდინარაძე: როცა ამის პოლიტიკური ნება იყო, დსთ-ში მყოფმა ქვეყანამ მიიღო სტატუსი, ჩვენ ათი თავით წინ ვიყავით და მაინც ვერ მივიღეთ სტატუსი

შარლ მიშელის განცხადებას, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

„2030 წელი დაასახელა შარლ მიშელმა. ევროკომისიის წარმომადგენელი მეორე დღესვე შეეწინააღმდეგა ამ თარიღს, რითაც ბუნდოვანება ჩნდება. 10 წელზე გაცილებით მეტი დროა გასული, რაც მოლაპარაკებების დაწყებას ელოდებიან ჩვენი მეგობარი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები. კი ბატონო, ბევრი წელია ძალიან და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ყველაფერი.

მაგრამ როდესაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, კანდიდატის სტატუსზეა საუბარი, მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომელსაც რეკომენდაციაც კი არ მისცეს იმისა, რომ დსთ-დან გამოსულიყო. საქართველო, რომელმაც რა პროგრესი განიცადა ჩემზე არანაკლებ კარგად იცით, ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს და მოლდოვა, რომელიც დსთ-ს წევრია, იღებს კანდიდატის სტატუსს. აწი საიდან გამოვა და შევა, ეს მეორე საკითხია. როცა ამის პოლიტიკური ნება იყო, დსთ-ში მყოფმა ქვეყანამ მიიღო სტატუსი. ჩვენ ათი თავით წინ ვიყავით, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული შეფასებებითაც წინ ვიყავით და მაინც ვერ მივიღეთ [სტატუსი]. ანუ, ამის უკან რაღაც იდგა, ჰო? იდგა კულისებში მოქმედებები, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და გლობალური ომის პარტიას რომ ვახსენებთ ხოლმე, შეცდომით და შემთხვევით არ ვახსენებთ.

არის რაღაც დიდი ინტერესები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს და ამ ინტერესებს მივყავართ მეორე ფრონტის იდეამდე, რომელსაც ჩვენ არ ჩავყევით. დიახ, ამ იდეას და ამ გეგმას არ ვემორჩილებით და ასევე, ამავდროულად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრობისკენ ვიაროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად. ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილემ, დანა სპინანტმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დამოკიდებულია წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, ევროკომისია ორიენტირებულია არა თარიღზე, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების განხორციელების მხარდაჭერაზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები