“დრო არაფრის მკურნალი არ არის, უბრალოდ, ვსწავლობთ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას” – დეკანოზი შალვა კეკელია

“ყველა ოჯახს ვუსამძიმრებ ამ საშინელ ტრაგედიას. დღე არ გადის, ამ უბედურებაზე არ ვიფიქრო. იმ ოჯახების ტკივილი ჩემი ტკივილიც არის. წარმოუდგენელი რამ მოხდა. გინდა ახსნა მოუძებნო და ვერ ხსნი, რატომ, რისთვის, ღმერთი რატომ უშვებს ამას – ამაზე ზოგჯერ პასუხები არ გვაქვს ხოლმე”,- ამის შესახებ დეკანოზი შალვა კეკელია შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, დრო არაფრის მკურნალი არ არის, უბრალოდ ადამიანები ტკივილთან ერთად ცხოვრებას სწავლობენ.

“ხშირად მიწევს შვილგარდაცვლილ მშობლებთან მისვლა და ძალიან რთულია, რა უნდა უთხრა ადამიანს. ზოგს ერთადერთი შვილი ჰყავდა და ისიც აღარ ჰყავს. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ ტკივილისგან. როცა შვილგარდაცვლილ მშობლებთან მივდივარ, ერთ რამეს ვეუბნები, რაც მათ შეემთხვათ, ეს ტკივილი არასდროს გაქრება. დრო არაფრის მკურნალი არ არის, უბრალოდ, ვსწავლობთ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას.

ყველას გვახსოვს ვაკის პარკში დაღუპ­ული ულამაზესი მარიტა. მისი მშობლები, ანი და დათო, ჩვენს ტაძარში დადიან. იმ ტრაგედიის შემდეგ მათ ერთი მსახურება არ გაუცდენიათ. ანი და დათო საოცარი მაგალითია იმისა, როგორ უნდა გაუძლო ასეთ ტკივილს. გიღიმიან, აქეთ გაძლევენ მაგალითს. ჩვენი მრევლის ერთ წევრს კი, სოფოს, შვილი, 19 წლის ნიკოლოზი გარდაეცვალა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მას გავაცანი მარიტას დედა. ანიმ ისე თბილად მიიღო სოფო, ისე ესაუბრა, რომ მასთან ურთიერთობის შემდგომ სხვანაირი სოფო დავინახე… მარიტას მშობლებმა დაიჯერეს ერთი რამ, რომ მათი შვილი ცოცხალია, რომ ახლა ის ღვთის წინაშეა, ღმერთთან. სწორედ ეს ეხმარება მათ. მარიტას დაღუპვის ტკივილთან ერთად საოცარი სულიერი სიხარული აქვთ. ღმერთშია ეს სიხარული. რამდენიმე დღის წინ ბიჭი დაიღუპა ბათუმში, 22 წლის ახალგაზრდას სკუტერმა გადაუარა. მის ოჯახშიც მივედი. დედა უმძიმეს მდგომარეობაშია. პანაშვიდი რომ გადავიხადეთ, აივანზე გავედით, ვსაუბრობდით სულის მარადიულობაზე და ამ საუბრის დროს ღვთის მადლი შეეხო დედას, თითქოს წამიერად დამშვიდდა, გაიღიმა კიდეც და საკუთარი თავის გაუკვირდა, მითხრა, მამაო, რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა ამწუთას, ბედნიერი ვარ და ვერ ვხვდები, რატომ. შვილი მეორე ოთახში მიწევს გარდაცვლილი და მე ასეთი განცდა რატომ მაქვსო. ვუთხარი, სულიწმინდის მადლი შეგეხო. ღვთის მადლმა გაგააზრებინა, სად არის ახლა შენი შვილი, სულის სიხარული შემოვიდა შენში-მეთქი. ასეთი შემთხვევა ბევრი მქონია, როცა დიდ ტრაგედიებთან ერთად, დიდი სიხარული, ღვთის წყალობა შედის ადამიანში. ყველას, ვისაც ახლობელი გარდაეცვლება, ვეუბნები, რომ ხორციელი თვალით არ უნდა შევხედოთ ამას. მას ხორციელად ვერასოდეს ვნახავთ, ჩვენი მონატრება უსაზღვროა. ერთადერთი, რითაც ჩვენს მიცვალებულებთან ურთიერთობას ვახერხებთ, სულიერი ურთიერთობაა. ეს რომ მოახერხო, უნდა გაიაზრო, რომ ის შენთან არის სულიერად, მარადიულად.

ასეთ დროს ორი გზა არსებობს: ერთი უკიდურესი სასოწარკვეთილება და მეორე – ღმერთის იმედი და სიყვარული. ასეთი ტრაგედიის შემდეგ ადამიანს ან სამუდამოდ უნადგურდება ცხოვრება, ან პირიქით, სწავლობს თავის მიცვალებულთან ურთიერთობას. მაგალითად, წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძეს მეუღლე და ხუთი შვილი დაეღუპა. სასოწარკვეთილებამდე მისული, რომელსაც მღვდლობის დატოვებაც კი ჰქონდა განზრახული, ეგზარქოს ისიდორე ნიკოლსკის შეგონებით სიონის ტაძარში გაბრიელის სახელით ბერ-მონაზვნად აღიკვეცა. ის არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ნაყოფ­იერ სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეუდგა. ამ ტკივილის შემდეგ ფეხზე რომ წამოდგა, არ გაჩერებულა: აღადგინა მრავალი ტაძარი, ზრუნავდა ქრისტიანობის განმტკიცებაზე, გააქრისტიანა 18 000 აფხაზი. აღსანიშნავია მისი თავდადებული მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. სამაგალითო სასულიერო პირი იყო.

შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მამა თოჯინით – ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდები და დამეხმარეთო. მას ცხოვრება აღარ შეუძლია, მეუღლე და სამი შვილი აღარ ჰყავს. ამას პასუხი არა აქვს, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, მაგრამ თუ ამას შევხედავთ სულიერად, გარდაცვლილები იქით სამყაროში ელოდებიან, იმიტომ რომ მათი სულები ცოცხალია. ისინი მარადიულ სამყოფელში გადავიდნენ. ჩვენ ქართველებს გვაქვს ასეთი სიტყვა “გარდაიცვალა” ანუ მდგომარეობა შეიცვალა. ლოცვებში ვკითხულობთ: “წმიდათა­ თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა,­ არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი” – ანუ ამქვეყნიური მისი მოღვაწეობა დასრულდა და მარადიულ ცხოვრებას შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, ისინი ღვთის წინაშე არიან, იქ, სადაც წმინდანები არიან, სადაც მართალი სულები განისვენებენ. აქ დარჩენილმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა იქ მოხვდეს, სადაც მისი შვილები არიან. ამისთვის ბევრი უნდა იღვაწოს სულიერად, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არის ღვთის დიდი ნუგეში… მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს და დღესაც­ ვიმეტებთ მას ჯვარცმისთვის, როცა ვცოდავთ, ვმრუშობთ­, ვიკეთ­ებთ­ ნარკოტიკს, ვლოთობთ,­ ერთმანეთს ვექიშპებით, უსიყვარულობაში ვართ. ეს ყველა ცოდვა მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარცმაა. როცა არ ვლოცულობთ, არ ვმარხულობთ, გათენებული დღის გამო ღვთისადმი მადლიერება არ გაგვაჩნია, ესეც ღვთის გამეტებას ნიშნავს. როცა მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, მის დედას, ღვთისმშობელს, ყველაზე მეტად ეტკინა. როცა ჯვარცმულ მაცხოვარს უყურებდა, გულნაწლავი ეწვოდა, მთელი სხეული ჩამწვარი ჰქონდა. ხშირად დამისვამს მეც კითხვა, ხომ შეეძლო ყოვლისშემძლე ღმერთს მისი დედისთვის ეს ტკივილი აერიდებინა, ამ ტკივილამდე ერთი კვირით ადრე გაეყვანა, მაგრამ დედა ღვთისმშობელი ხომ შვილგარდაცვლილი დედაა. დედამიწაზე არ მეგულება მისთანა დედა და არ მეგულება დედამიწაზე მაცხოვრისთანა შვილი. ღმერთმა დაუშვა ეს, რადგან იცოდა, რომ ადამიანებს ასეთი დიდი ტკივილები შეხვდებოდათ ცხოვრებაში და შვილგარდაცვლილი დედებისთვის დიდი ნუგეში იქნებოდა ღვთისმშობელი. ადამიანებს ვურჩევ ღმერთს დაუკავშირონ თავიანთი ცხოვრება და თუ ამას შეძლებენ, მათი ცხოვრება სხვანაირად წარიმართება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ჩვენს გარდაცვლილებს. ეს იქნება მცირე დაშორება.

მე სამი შვილი დედამიწაზე მყავს,­ ერთი – ღმერთთან. შეგრძნებების დონეზე იოანესთან ურთიერთობა ერთი დღითაც არ შემიწყვეტია. როგორც ჩემს სამ შვილთან ვმეგობრობ, ძალიან მიყვარს ისინი, იმაზე მეტი ურთიერთობა მაქვს იოანესთან. ჩემმა შვილმა ცხოვრება მასწავლა, მის ანგელოზთან ყოველთვის მაქვს შეხება. ახალ წელს ყოველთვის ჩემი შვილის საფლავზე ვხვდებით, მაგრამ ტრაგედიით არა, სიხარულით. ერთხელ ჩემმა პატარა ბიჭმა, ილიამ მითხრა, მამიკო, ხომ შეიძლებოდა ღმერთს არ გაეყვანა იოანე, ახალ წელს ჩვენც სახლში შევხვედროდით ჩემს ძმასთან ერთადო. შენ იოანე ზეცაში გელოდება და ღირსეულად უნდა იცხოვრო-მეთქი. უნდა ვეცადოთ ისე სუფთად ვიცხოვროთ, რომ იქ მოვხვდეთ, სადაც ის არის. შვიდი წელი გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და ტკივილთან ერთად სიხარულიც დიდი მაქვს. იოანემ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. სულ სხვა თვალით შევხედე ამ სამყაროს და კიდევ უფრო მეტად დავაფასე ამქვეყნიური ყველა წამი. სხვანაირად დავაფასე ურთიერთობა მეუღლესთან, შვილებთან, მრევლთან, სამშობლოსთან. უფრო ცოცხალი გახდა ჩემთვის ეს ქვეყანა და ის მარადიული სამყოფელი, სადაც გადავინაცვლებთ. მინდა მართლა ისე წმინდად ვიცხოვრო, რომ იქ მოვხვდე, სადაც ჩემი შვილია”,- ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები