ნინო თანდილაშვილი: რეგიონში დამონტაჟებული მონიტორინგის სისტემებიდან, ასევე რადარული სისტემებიდან არ გამოვლენილა პროცესი, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას შეიძლება ჰქონოდა ადგილი
ჩვენს ხელთ არსებული მონიტორინგის სისტემებიდან, რომლებიც დამონტაჟებული გვაქვს რეგიონში, ასევე რადარული სისტემებიდან, არ გამოვლენილა ისეთი პროცესი, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ შეიძლება გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას შეიძლება ჰქონოდა ადგილი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებაში ადრეული გაფრთხილების სისტემებზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება.
„მონიტორინგის სისტემის შინაარსსა და არსზე მე თქვენ გესაუბრეთ, ეს არის ადრეული გაფრთხილების სისტემა. საზოგადოებაში დღეს ძალიან ხშირად ისმის ადრეული გაფრთხილების სისტემებზე არაერთი ინფორმაცია, ისმის, თითქოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ აქვს ადრეული გაფრთხილების სისტემები საერთოდ. ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს მონაცემთა ერთობლიობას, როგორია წყლის დონე, როგორია მეტეოროლოგიური მდგომარეობა, რა პროცესს, რა სტიქიური პროცესის განვითარებას შეიძლება ელოდო. ამ ინფორმაციას აგროვებ რადარებიდან, მეტეოროლოგიური სადგურებიდან, წყლის მზომი სადგურებიდან, ადგილზე სადამკვირვებლო პუნქტებიდან, იმიტომ, რომ ჩვენ რეგიონში დამკვირვებლებიც გვყავს, რომლებიც გვაწვდიან ამ ინფორმაციას. შეკრებილი მონაცემების საფუძველზე სინოპტიკოსი პროგნოზს აკეთებს სტიქიური უბედურების შესახებ და გასცემს შესაბამის გაფრთხილებას. მაგალითად, ახლაც გავეცით გაფრთხილება მოსალოდნელი სითბური ტალღების შესახებ, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვგრძნობთ, რადგან ეს არის ფაქტი, რომლის პროგნოზიც გაკეთდა და რომელიც გამართლდა. ეს არის ადრეული გაფრთხილების სისტემა. ჩვენს ხელთ არსებული მონიტორინგის სისტემებიდან, რომლებიც დამონტაჟებული გვაქვს რეგიონში, ასევე რადარული სისტემებიდან, არ გამოვლენილა ისეთი პროცესი, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ შეიძლება გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას შეიძლება ჰქონოდა ადგილი“, – აღნიშნა თანდილაშვილმა.