გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმამ შესაძლოა, ხუთნიშნა ციფრს მიაღწიოს
გარდა იმისა, რომ დღეს არ არსებობს სამართლებრივი რეგულაციები, ძალიან სუსტი სანქციებია გარემოს დაბიძურების მიმართულებით – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით დაახლოებით ორი თვის წინ გარემოს დაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, მოემზადებინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც, ზოგადად, ნარჩენების მართვის საკითხებს დაარეგულირებდა. მისივე თქმით, არსებობს ასევე აღსრულების პრობლემა და, შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ არის მომზადებული, მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც დაარეგულირებს ნარჩენების მართვას, დაწყებული ნაგავსაყრელების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობიდან, დამთავრებული სახლიდან თუ ფეხით მოსიარულეთაგან გარემოს დაბინძურების საკითხებს. რაც შეეხება სანქციების ოდენობას, ბითაძის განმარტებით, პროექტის მიხედვით, ეს არის დაწყებული 20 ლარიდან დამთავრებული ხუთნიშნა ციფრამდე.
„თუმცა ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ პროექტი, რომელიც, ბუნებრივია, შეიძლება შეიცვალოს როგორც საქართველოს მთავრობაში პროექტის წარდგენის შემდეგ, ასევე პარლამენტში განხილვის შემდეგ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.