თავდაცვის სამინისტროს გენერალი ჯეიმს ამოსისი ეწვია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ ვიზიტით აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდალს გენერალ ჯეიმს ამოსს უმასპინძლეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის უელსში მიმდინარე ნატოს სამიტისა და „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტის მნიშვნელობა განიხილეს. საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობასა და 2015 წლიდან „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვაზე გამახვილდა.
გენერალმა ჯეიმს ამოსმა მასპინძელ მხარეს ქართული კონტინგენტის ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან სურვილი გამოთქვა, რომ ავღანეთის საერთაშორისო მისიის დასრულების შემდეგ, ამერიკელ საზღვაო ქვეითებსა და ქართველ სამხედროებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციის პროგრამასაც. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკელ გენერალს აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი იყო. შეხვედრის დასასრულს, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკელ სტუმარს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისთვის „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა. ამერიკელი გენერალი საქართველოს პრეზიდენტის N 01/09/02 განკარგულებით დაჯილდოვდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გენერალმა ჯეიმს ამოსმა უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. ამერიკელი გენერლის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები