შალვა პაპუაშვილი – ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის ჩვეულებრივი იარაღი, რომლითაც ცდილობს ბრიუსელი ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ გაგვაჩუმოს, ჩვენი მთავარი იარაღი არის მართალი სიტყვა და ამის ეშინია ბრიუსელს

ეს არის ჩვეულებრივი იარაღი, რომლითაც ცდილობს ბრიუსელი ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და ზეწოლის მიზანია ერთადერთი, რომ ჩვენ გაგვაჩუმოს, ჩვენი მთავარი იარაღი არის მართალი სიტყვა და ამის ეშინია ბრიუსელს, – ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

მისი თქმით, ბრიუსელს სურს საქართველოს ხელისუფლების გაჩუმება და ამის მიღწევას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შანტაჟით აპირებს.

„ღიად, გახსნილად უნდა ვისაუბროთ რასთან გვაქვს საქმე. ყველას შევახსენებ, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის, სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა ბრიუსელმა დააწესა 2010 წელს – გაქანებული დიქტატურა რომ იყო საქართველოში, სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული წამების სისტემები რომ იყო შექმნილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, როდესაც იყო რეპრესიები ყველა მიმართულებით. აი, ამ დროს ბრიუსელმა მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ თანამებრძოლებს ანუ ხელისუფლებას მისცა უვიზო რეჟიმი. ამის შემდეგ კიდევ 7 წელი ბრიუსელმა გვაწუწუნა ქართველი ხალხი, სანამ ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმი დაუწესდებოდა 2017 წელს უკვე „ქართული ოცნების“ პირობებში. ამიტომ პირველი დასკვნა, არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლას რაიმე ღირებულებებთან არ აქვს. ბრიუსელის ღირებულებით კრიზისს ვამხელთ არა მარტო ჩვენ, ამას ამხელს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. ასე რომ ეს ფარისევლური არგუმენტები, რომ თითქოს რაღაც დემოკრატიულ პროცესებს აკვირდებიან და ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას, არის ტყუილი. არავინ დაიჯეროს, რომ ბრიუსელი ასე ფიქრობს.

ეს არის ჩვეულებრივი იარაღი, რომლითაც ცდილობს ბრიუსელი ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და ზეწოლის მიზანია ერთადერთი, რომ ჩვენ გაგვაჩუმოს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ არ ვართ ბირთვული სახელმწიფო, არ გვაქვს ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები სხვა დიდ ქვეყნებზე. ჩვენი მთავარი იარაღი არის ჩვენი სიტყვა და ეს არის უპირველეს ყოვლისა მართალი სიტყვა. ამ მართალი სიტყვის ეშინია ბრიუსელს. ეშინია იმიტომ, რომ ჩვენი სიტყვა აღმოჩნდა, როგორც წინასწარი გაფრთხილების სისტემა. რასაც ჩვენ ვამბობთ, აღმოჩნდება ხოლმე შემდეგ, რომ ეს არის სიმართლე და სხვები იმეორებენ. ვთქვით თუ არა ჩვენ, რომ უცხოური დაფინანსება, USAID-ები და ევროპული ფონდები გამოიყენება პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისთვის?! – ვთქვით. ვიყავით თუ არა ამის გამო თავდასხმის ობიექტი?! – ვიყავით. აგერ დღეს ბრიტანეთმაც კი აღიარა ეს ყველაფერი. თავად აშშ-მ არ გააუქმა ისინი, ვისაც მანამდე ეფოფრებოდა წინა ადმინისტრაცია, რატომ ესხმით თავსო. ვსაუბრობდით ჩვენ „დიფ სთეითზე?!“- ვსაუბრობდით. დღეს ყველა საუბრობს ამ ჩრდილოვან მმართველობაზე, რომელიც სინამდვილეში თოჯინებივით მართავს ყველა მმართველს. ვსაუბრობდით ჩვენ თუ არა, რომ მშვიდობა მნიშვნელოვანია იმ ომის ისტერიასთან შედარებით და რაც მთავარია ეს ყალბი პათეტიკა, რომელიც გვესმოდა ევროპელების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო და ერთი ჯარისკაცი არ გაუგზავნიათ უკრაინაში საომრად და ჩვენი წინა ფრონტიაო რომ ამბობდნენ, ვამბობდით ჩვენ. ამის ეშინიათ. ბრიუსელს სინამდვილეში უნდა ჩვენი გაჩუმება. ჩვენი სიტყვის ეშინია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები