საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის რიგით 33-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
„ნატოს შტაბ-ბინაში საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხელმძღვანელობდნენ.
სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და სამხედრო დახმარების საჭიროებებზე იმსჯელეს.
რამშტაინის ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.