შალვა პაპუაშვილი: რატომ არ ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი წყაროებიდან? რატომ არავის აქვს სურვილი, რომ მათ ფული მისცეს – იმიტომ, რომ იმ ქართველმა იცის, რომ ფულს აძლევს უცხოური ინტერესების გამტარებელს
ჩვენ არ გვინდა უცხოური აზრები მოვისმინოთ შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა დაისვას კითხვა თუ რატომ არ ფინანსდებიან ქართველი „ენჯეოები“ ადგილობრივი წყაროებიდან.
„რატომ არ ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი წყაროებიდან? რატომ არავის არ აქვს სურვილი, რომ მათ ფული მისცეს? პარტიებს ხომ აქვთ დაფინანსება, საუბრობენ რამდენი მილიონი დახარჯეს, ვის რომელი ტელევიზია აქვს. და რატომ არც ერთ ქართველ ადამიანს არ აქვს სურვილი, რომ ფული მისცეს ეკა გიგაურს? რატომ? იმიტომ რომ იმ ქართველმა იცის ძალიან კარგად, რომ ფულს აძლევს უცხოური ინტერესების გამტარებელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეკა გიგაურის რეაქცია და შეურაცხმყოფელი ფრაზები „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მას კორესპონდენტმა გერმანიის ელჩთან კონსპირაციული შეხვედრის დეტალებზე კითხვა დაუსვა, დასტურია, რომ უცხოელებთან შეხვედრის შემდეგ აფრქვევენ სიძულვილს.