ეკა სეფაშვილი: ერთადერთი გზა, რითაც საქართველო აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ესაა მშვიდობიანი მოლაპარაკება, ამ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს
ერთადერთი გზა, რითაც საქართველო აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ესაა მშვიდობიანი მოლაპარაკება, ნდობის აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში მიმდინარე მოვლენების დროს, როცა პრიგოჟინი ამბოხს შეეცადა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოში ოპოზიციის რეალური სახე.
„ირაკლი კობახიძის შეფასება აბსოლუტურად სწორი და მართებულია. ერთდღიანი ამბოხის მცდელობის შედეგად კიდევ ერთხელ გამოჩნდა ოპოზიციის რეალური სახე. მათ აინტერესებთ ქვეყანაში არეულობა და მეორე ფრონტი, შეიარაღებული დაპირისპირება და არა საქართველოს გაერთიანება, გამთლიანება. ერთადერთი გზა, რითაც საქართველო აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ესაა მშვიდობიანი მოლაპარაკება, ნდობის აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. ამ პოლიტიკას არავითარი ალტერნატივა არ აქვს. ესაა ერთადერთი სწორი გზა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის შესანარჩუნებლად და საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. ოპოზიციის რადიკალური ფრთის აღტაცებამ ამბოხებით აჩვენა მხოლოდ და მხოლოდ ის, რაოდენ დიდია მათი სურვილი, საქართველოში იყოს შეიარაღებული დაპირისპირება, მეორე ფრონტი, არეულობა და შესაძლოა, საქართველოს ჩამორჩენა, დანგრევა და ისტორიიდან გაქრობაც კი, ისეთი რადიკალური ქმედებებისკენ უბიძგებენ მთელ ქვეყანას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის რეაქცია პრიგოჟინის მიერ ბახმუტში ამბოხის მოწყობის მცდელობასთან დაკავშირებით შეაფასა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. კობახიძის თქმით, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე.