პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

პრეზიდენტს ვეტოს მისი საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარადგენს.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს კანონმდებლობის შემდეგი ვერსიით მიღებას სთავაზობს: – ერთის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, მათ ასარჩევად 2/3-იანი უმრავლესობა, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით შემცირდება. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატი სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმებს ვერ მიიღებს, 6-თვის ვადით იქნება არჩეული, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო, ცესკოს თავმჯდომარესა და შვიდ წევრს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5-წლის ვადით აირჩევს. კონკურსიც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით უნდა გამოცხადდეს. საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.

უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

რაც შეეხება ვეტოს დაძლევის საკითხს, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიიღება. პირველ რიგში კენჭი სწორედ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს ეყრება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება.

კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები