არავის დაავიწყდეს, როდესაც ევროინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ, ეს ასევე გულისხმობს ნატოში ინტეგრაციას – სალომე ზურაბიშვილი 

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია, არავის დაავიწყდეს, რომ როდესაც ევროინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ, ეს ასევე გულისხმობს ნატოში ინტეგრაციას” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მედიასთან შეხვედრისას  განაცხადა.

„დღეს აქცენტი კეთდება ევროინტეგრაციაზე და ეს ბუნებრივია, რადგან აქ არის რეალური ფანჯარა, რაც უკრაინის ბრძოლის ფასად გაიხსნა. ეს ფანჯარა არ უნდა გავუშვათ ხელიდან. ნატოსთან ასეთივე ფანჯარა დღეს ჩვენთვის არ არსებობს. [ეს ფანჯარა] არსებობს უკრაინისთვის, რამეთუ იქ დღეს ლაპარაკია მათი უსაფრთხოების გარანტიებზე გამომდინარე სწორედ ამ ბრძოლიდან და მათ მიერ მიღწეული შედეგებიდან, რაც არის დღეს ნაწილობრივი გამარჯვება და მიდის გამარჯვებისკენ. ეს დაიმსახურეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ იქაც არ ჩამოვრჩეთ ბოლომდე და რომ არავის დაავიწყდეს, რომ ევროინტეგრაციაზე რომ ვლაპარაკობთ, ეს ასევე გულისხმობს ნატოში ინტეგრაციას, რადგან ევროპას ჯარი არ გააჩნია, ევროპა არის შექმნილი მშვიდობისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და თავისუფლებისთვის. ის არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ძლიერი დაცვის ორგანიზაცია იყოს. თუმცა ესეც ნელ-ნელა იცვლება და ნაბიჯი, რაც ევროპას აქამდე არ გადაუდგამს, რომ დაცვის რეჟიმში გადავიდეს, ასევე მოსალოდნელია.

ყოველ შემთხვევაში, ნატო იქნება მთავარი ორგანიზაცია ევროპაში, საიდანაც შეიძლება უსაფრთხოება მივიღოთ. მთავრობა თავს იწონებს იმით, რომ მშვიდობას დაიმსახურებს ქვეყანას და თავის მოქალაქეებს – ერთადერთი რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება არის საბოლოო გაერთიანება ევროკავშირსა და ნატოში. იქ არის მშვიდობა, უსაფრთხოება. მანამდე უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, შიდა სტაბილურობისთვის საჭიროა და ბოლო მიზნამდე მიგვიყვანს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები