ირაკლი ღარიბაშვილი: საზოგადოებამ მოისმინა სანქციების კოორდინატორების შეფასებები, მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს

შექმნილია ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს რისკებს, ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს საზოგადოებამ მოისმინა სანქციების კოორდინატორების მიერ გაკეთებული შეფასებები, მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს შექმნილია ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს რისკებს, ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, არც ერთი ფაქტი არ ყოფილა წარმოდგენილი ჩვენს მიმართ, რომ საქართველო ვინმეს სანქციის გვერდის ავლაში დაეხმარა.

„შევეცდები ქრონოლოგიურად მივყვე და ყველა დეპუტატის კითხვას უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან ვუპასუხო. პირველი კითხვა შეეხებოდა ბატონი ბექა ოდიშარიას კითხვას, საუბარი იყო სანქციების განხორციელების საკითხში რამდენიმე დღის წინ განხორციელებულ ვიზიტს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჩამოსული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი სანქციების საკითხებში კოორდინატორი, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენელი, ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, რომელთანაც ჩვენ მანამდე გვქონდა დისტანციურ რეჟიმში საკმაოდ პროდუქტიული, ნაყოფიერი თანამშრომლობა, მათ ოფისებთან. ჩვენ ომის დაწყების დღიდან დღემდე ასეთ რეჟიმში ვიყავით. ჩვენ სრულ ინფორმაციას ვუზიარებდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს. მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ე,წ. ფინანსური სანქციები იქნა დაწესებული, შემოღებული და შეზღუდვები გარკვეულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ცხადი იმთავითვე. ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და აქ სანქცირებული კომპანიები და ინდივიდები ვერ განახორციელებენ არასანქცირებულ ტრანზაქციებს, მათ შორის არასანქცირებული პროდუქციის გავლა არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ჩართულობით და ჩვენი ქვეყნის გავლით. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია, ჩვენი ნათქვამი დადასტურდა ჩვენს მიერ განხორციელებულ საკმაოდ ეფექტურ ქმედებებში და საზოგადოებამ მოისმინა მათ მიერ გაკეთებული შეფასებები. მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს შექმნილია ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს აი ამ რისკებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1300 – მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, ევროპელ სახელმწიფოებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა ეს სანქცირებული პროდუქცია.

ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი გაცემული. ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და პირნათელი. არც ერთი ფაქტი, მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ იქნა წარმოდგენილი ჩვენს მიმართ, რომ საქართველო ვინმეს რაიმე სანქციის გვერდის არიდებაში დაეხმარა. არც ერთი ფაქტი”,- განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები