ირაკლი ზარქუა: პრემიერის მოსმენაზე ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან ალბათ პროვოკაციის მცდელობა იქნება – მაქსიმუმ ერთი-ორი სისულელე თქვან და შემდეგ დარბაზს დატოვებენ, რაც მათი ხელწერაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერმინისტრი ყოველწლიური ანგარიშით გამოვა, ოპოზიციის მხრიდან სავარაუდოდ საბოტაჟისა და პროვოკაციის მცდელობას ექნება ადგილი.
ზარქუას თქმით, პროვოკაციული ქმედებების განხორციელების საშუალება არავის ექნება.
“ხელმოცარული საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ალბათ, საბოტაჟისა და პროვოკაციის მცდელობა იქნება, მაგრამ იცით ჩვენი პრემიერმინისტრი, მთელი საქართველო იცნობს, ის ამისთვისაც მზად იქნება, ჩვენც მზად ვართ და არავის მივცემთ უფლებას, რომ მოსმენა ჩაშალოს ან პროვოკაციული ქმედებები განახორციელოს. მაქსიმუმ ერთი-ორი სისულელე თქვან და შემდეგ დარბაზს დატოვებენ, რაც მათი ხელწერაა. ჩვენ ხელს არ შევუშლით, რომ ვისაც მოსმენა არ უნდა, დარბაზი დატოვონ“, – განაცხადა ზარქუამ.