მარიამ ლაშხმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე თემატური მოხსენება წარადგინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში  საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე” თემატური მოხსენება მოისმინეს. მოხსენება დეპუტატებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თემატურმა მომხსენებელმა მარიამ ლაშხმა წარუდგინა, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

„თემატურ მოხსენებაში განხილულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა. გარდა ამისა, განხილულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მოხსენებაში მოცემულია რეკომენდაციები და წინადადებები კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე”, – აღნიშნა მომხსენებელმა.
მისი თქმით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართლებრივი რეგულირება საქართველოში ძირითადად თანხვედრაშია საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, თემატურ მოხსენებაში მოცემულია რეკომენდაციები და წინადადებები.
თემატური მომხსენებლის თქმით, მიზანშეწონილია, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს მარაკეშის შეთანხმებას და პარალელურად, დროულად მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია შეთანხმების ამოქმედებისთვის. ასევე, მიზანშეწონილია, რომ საქართველოში დაიწყოს მსჯელობა აუდიოვიზუალური შესრულებების შესახებ ბეიჯინგის 2012 წლის საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერის მიზანშეწონილობის თაობაზე.

როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ნაწარმოების სამართლებრივი დაცვის შესახებ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბების შემდეგ სასურველია საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობის დროულად მიღება.
მომხსენებელმა ინტერნეტში მეკობრეობასთან ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია, კოორდინირებული ღონისძიებების გატარება, რომელშიც სახელმწიფო უწყებები, კერძო კომპანიები და საავტორო უფლებების მფლობელები უნდა ჩაერთნენ.
თემატურმა მომხსენებელმა კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზეც ისაუბრა.
„აუცილებელია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროს კანონმდებლობა იყოს მუდმივი ყურადღების ცენტრში და მიმდინარეობდეს მსჯელობა მისი შემდგომი სრულყოფის თაობაზე. ეს რეკომენდაცია ეხება საქართველოს პარლამენტს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს “საქპატენტი” და სხვა დაინტერესებულ უწყებას. ამ თემაზე შეიძლება ჩატარდეს პერიოდული საკომიტეტო მოსმენები, რაც უზრუნველყოფს საკითხის აქტუალურობის შენარჩუნებას”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
თემატური მოხსენება მომზადებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ტექნიკური დახმარებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები