ITU-ს მარეგულირებელთა გლობალურ სიმპოზიუმში ComCom-მა ტელეკომ სექტორის განვითარების მხარდამჭერი ინიციატივები წარადგინა
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ყოველწლიურ ღონისძიებაში – მარეგულირებელთა გლობალურ სიმპოზიუმში (GSR), ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი თემა იყო “რეგულირება მდგრადი ციფრული მომავლისთვის”, რომელიც სატელეკომუნიკაციო დარგში ინოვაციური გლობალური ტრენდების, ტექნოლოგიებისა და ახალი რეალობის განმსაზღვრელი ფაქტორების განხილვას აერთიანებდა. 2023 წლის სიმპოზიუმს, ეგვიპტის მარეგულირებელი ორგანო მასპინძლობდა. ეკატერინე იმედაძე მომხსენებლისა და მოდერატორის როლში წარსდგა ღონისძიების ფარგლებში გამართულ რამდენიმე სესიაზე, სადაც მან ComCom-ის მიმდინარე პროექტებსა და საქართველოში სატელეკომუნიკაციო სექტორის პერსპექტივებზე იმსჯელა. ასევე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) თავმჯდომარემ, მან მარეგულირებელი ორგანოების რეგიონალური ქსელების შეხვედრაზე, EaPeReg წარადგინა და იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც ICT ინფრასტრუქტურის განთავსებასა და თანაბარ ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.
GSR-ის ფარგლებში, ფართოზოლოვანი ქსელის განვითარებისა და ციფრული რუკების პროექტებზე თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ხელი მოეწერა ინტერესთა გაცხადების სამმხრივ დეკლარაციას ITU-ს, EaPeReg-სა და ევროკავშირის და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ჯგუფს (EMERG) შორის. EaPeReg-ის სახელით, ხელშეკრულებას ხელი ეკატერინე იმედაძემ მოაწერა. სიმპოზიუმის ფარგლებში, დაინიცირდა ციფრული მარეგულირებლების ქსელის (DRN) შექმნაც, რომელიც, სექტორულ მარეგულირებლებსა და ციფრული ეკოსისტემის პროექტებში ჩართულ ყველა მონაწილე მხარეს შორის, თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. თანამშრომლობის მიზანი კი, შესაბამისი პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოების დაახლოებით, ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობაა.
ცალკე სესია მიეძღვნა ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგში ქალების ჩართულობის მხარდაჭერას, რომელზეც ეკატერინე იმედაძემ, ევროპის ქალთა სახელით, საქართველოში სატელეკომუნიკაციო და ციფრული სექტორის მმართველობის ამოცანებში ქალთა ჩართულობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს კოლეგა მარეგულირებლებისა და ინოვაციური გლობალურ-ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებთან. მარეგულირებლების გლობალური სიმპოზიუმი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მარეგულირებელი ორგანოები და მათი რეგიონალური გაერთიანებები მონაწილეობენ.