„ბრეიქ დანსის“ ქართველი მოცეკვავის – რობას „საფირმო ილეთი“

რობა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც „ბრეიქ დანსი“ 70-იანი წლების ნიუ – იორკის ქუჩებიდან საქართველოში ჩამოიტანა. რობოტულის მსგავსი, გლუვი და ტალღური მოძრაობები, და თავისუფალი სტილი, სრულიად იმპროვიზაციაზე აგებული ცეკვა – ეს რობას საყვარელი ილეთებია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ცეკვის მიმდევარი დღეს უკვე წარმატებული ბრეიქერია.
რობერტ ლეონტიევი საქართველოს „ბრეიქ დანსის“ ერთადერთ შეჯიბრზე საუკეთესო მოცეკვავე გახდა. ნომერ პირველ მოცეკვავედ ის მსოფლიო „ბრეიქ დანსის“ ცნობილმა სახეებმა დაასახელეს.
როგორ სწავლობდა ყველანაირი მასალის გარეშე რობა „ბრეიქ დანსს“ და რა გზა გაიარა მან „ჰიპ-ჰოპის“ კულტურაში შესასვლელად მოცეკვავე რთული შეჯიბრის წინ გვიყვება.

– რობა, სანამ „ბრეიქ დანსი“ იქნებოდა..
– 1984 წლის 30 სექტემბერს სპორტსმენების ოჯახში დავიბადე. მშობლები ტანმოვარჯიშეები იყვნენ. 2 წლიდან დარბაზში დავდიოდი. ამ პერიოდში დედა ისევ აქტიურად ვარჯიშობდა, მამა მწვრთნელი იყო. 5 წლის ასაკში უკვე ტანვარჯიშის ბავშვთა გუნდში ვვარჯიშობდი, 8 წლისა გადავედი ბატუტზე ხტომაზე, სადაც მრავალგზის გავხდი საქართველოს ჩემპიონი და ევროპის თასზე დავიკავე ორი ადგილი, მივიღე მონაწილეობა ბევრ საერთაშორისო ჩემპიონატზე, ბევრგან პირველი ადგილი ავიღე, ზოგან კი საუკეთესო სამეულში შევედი.
– როგორ მოხვდი ბატუტიდან „ბრეიქ დანსის“ ხალიჩაზე?10656442_894602057234755_617427232_n
– ამ სპორტში 16 წლამდე ვიყავი. შემდეგ ბევრ რამეზე ამიცრუვდა გული და ბატუტს თავი დავანებე. იმ წელს ვნახე ის, რისთვისაც დავიბადე და რაც ჩემთვის გახდა ყველაფერი! ბავშვობიდან ვგიჟდები მუსიკაზე, მძინავს თუ მღვიძავს, სულ მუსიკას ვუსმენ. ამავე დროს სპორტიც ჩემი ცხოვრებაა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ორი რაღაც ერთად იქნებოდა ყველაზე მაგარი საქმიანობა ჩემთვის. ბრეიქ დანსი არის მუსიკა და სპორტი ერთდროულად და ეს ცეკვა ისე შემიყვარდა, რომ მის გარეშე თავი ვეღარ წარმომიდგენია.
– ლიდერობისკენ მისწრაფება ბავშვობიდან გქონდა?
– პირველობას მშობლები ბავშვობიდან მინერგავდნენ. ვიცოდი, რომ მთავარი ჩემი მონდომება იყო და მსოფლიოში პირველი ვიქნებოდი. ამიტომ მეც ყველაფერს ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ძალიან მოუხერხებელი და არაელასტიური ვიყავი, მთავარ საქმიანობად მაინც ცეკვა ავირჩიე.
– აირჩიე და დაიწყე სწავლა დამოუკიდებლად..
– იმ პერიოდში საქართველოში არ არსებობდა „ბრეიქ დანსის“ შემსწავლელი არც ერთი სკოლა ან რამე პატარა წრეც კი. არ იყო განვითარებული ეს ცეკვა, და თუკი იყვნენ მოცეკვავეები, თითზე ჩამოსათვლელი. ისინიც მხოლოდ ზემო „ბრეიქ დანსს“ ცეკვავდნენ, ანუ რობოტულ მოძრაობებს ან ელექტრიკ ბოგის. ამიტომ, ჩემი მასწავლებელი იყო მუსიკალური არხი „ემტივი“, სადაც ატრიალებდნენ ორ-სამ კლიპს „ბრეიქ დანსის“ ილეთების გამოყენებით. იქიდან ვსწავლობდი ამ ცეკვას.
მოყვარულის დონეზე ცეკვა 2001 წელს დავიწყე და 2010 წელს უკვე სერიოზულად აღვიქვი „ბრეიქ დანსი“ ჩემს საქმიანობად.
– თუმცა მანამდე იყო რთული გზა და წლები, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ცეკვის შესწავლაზე დახარჯე…
– როდესაც ამ ცეკვის სერიოზულად სწავლა გადავწყვიტე, სარდაფი დავალაგე, დავაფინე რბილი იატაკი და გავაკეთე დარბაზი. იმ ილეთების გარდა, რასაც ტელევიზორში ვუყურებდი, მოძრაობებს ჩემით ვიგონებდი. ინტერნეტიც არავის ჰქონდა, რომ რაღაც გადმომეწერა და იმის მიხედვით მესწავლა. ამიტომ დამოუკიდებლად ვისწავლე. ასეთი იყო პირველი ნაბიჯები.
– რაც შეეხება სწავლის პროცესს..
– იმის მიუხედავად, რომ არ მქონდა მასალა შესასწავლად, სიყვარული და სურვილი იმდენად დიდი იყო, დღე და ღამე ვვარჯიშობდი და დაღლას ვერ ვგრძნობდი. ეს ყველაფერი მაბედნიერებდა.
– როდის მოვიდა პირველი წარმატება და დაიწყო გზა დიდი სცენებისკენ?
– პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2011 წელს მოვიდა, როდესაც მონაწილეობა მივიღე ჩემპიონატში „RedBull BC one Caucasus cipher“. მაშინ გამოცოცხლდა ყველაფერი და იქ დაიწყო. ამ შეჯიბრზე ისეთი მსაჯები იყვნენ, რომელთა მხოლოდ ნახვაც კი ჩემთვის ოცნება იყო.
– როგორც აღნიშნე, საქართველოში ამ ტიპის ცეკვას ბევრი მიმდევარი არ ჰყავს. როგორ ახერხებ ამ რეალობაში წინსვლას და განვითარებას?
– როგორც გითხარით, 2010 წლამდე ამისთვის ვერაფერს ვაკეთებდი. ვერც ვერავინ გვეხმარებოდა. 2010 წლიდან საქართველოში უკვე გაჩნდა პირველი ჩემპიონატები. მხარში დაგვიდგა რედ ბული და აქედან დაიწყო ჩვენი წინსვლა. ახლა ცეკვა ვითარდება უცხოეთში ვიზიტებისას, როდესაც სხვადასხვა „battle“-ზე ვმონაწილეობ. იქ მიღებულ დიდ გამოცდილებას საქართველოში ვავითარებ. ამჟამად გახსნილი მაქვს 3 სკოლა და ბავშვებს ვასწავლი.
– რა ხდება ამ მხრივ უცხოეთში?10656640_894602063901421_1167309972_n
– უცხოეთში ყველაფერი კარგადაა. სახელმწიფო ბიუჯეტს გამოყოფს, რომ წამყვანმა მოცეკვავეებმა სახლში ვარჯიშის ნაცვლად უცხო ქვეყნებში იარონ. აქვთ შეჯიბრები და ასევე ძალიან დიდი და მასშტაბური ჩემპიონატები.
– რა ხდება იმ წუთებში, როდესაც სცენაზე ფინალურ ცეკვას ასრულებ?
– ვიხარჯები ბოლომდე. მთელ ძალებს ვიკრებ, რომ ფინალურ გამოსვლაში საუკეთესო წარმოდგენა ვაჩვენო.
– ამ თავდაუზოგავ შრომას, ალბათ, თავად ცეკვისგან მიღებული სიამოვნება აკომპენსირებს?
-კი, ნამდვილად ასეა. ყველაზე მეტად რაც ამ ცეკვაში მომწონს ეს არის თავისუფლება და თავისუფალი სტილი.„ბრეიქ დანსის“ ილეთები უსასრულოა. ამ ცეკვას არ აქვს სტანდარტები, როგორც სხვა ცეკვებს. „ბრეიქ დანსს“ ვიგონებთ თავად მოცეკვავეები. რაც უფრო იშვიათ ილეთს გააკეთებ, მით უფრო ფასობს შენი ცეკვა. „ბრეიქ დანსით“ შეგიძლია გაიგო მოცეკვავის ხასიათი და რაც მთავარია, ეს არის „ჰიპ-ჰოპ“ კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი. „ჰიპ-ჰოპ“ კულტურის მთავარი დევიზია მშვიდობა! და მოცეკვავეებში მომწონს ყველაზე მეტად ის, რომ არასდროს შურთ ერთმანეთის ისე, რომ გადაემტერონ ან ცუდი რამ გაუკეთონ. დიდ პატივს სცემენ სხვა მოცეკვავეებს და არ აქვს მნიშვნელობა, ძლიერი მოცეკვავე ხარ თუ არა, მთავარია ხარ „BBoy“ და იმსახურებ პატივისცემას.
– მომავალ გეგმებზე მოგვიყევი…
– 5 და 6 სექტემბერს ვმონაწილეობ საერთაშორისო შეჯიბრზე მარმარისში და 13 სექტემბერს ხორვატიაში ვიბრძოლებ ევროპის „RedBull BC one“-ზე. გამარჯვების შემთხვევაში კი გავდივარ მსოფლიოზე საფრანგეთში ფინალურ შეჯიბრზე. რაც შეეხება ყველა სხვა გეგმას – ეს არის გამარჯვება! გამარჯვება და გამარჯვება!
– და ბოლოს… რომელია რობის „საფირმო ილეთი“?
– შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საყვარელი სტილია „TopRock“ და „FootWork“.

ნანუკა ალავიძე

10682113_894602077234753_1459679199_n

10634220_894602080568086_1303388766_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები