ირაკლი კირცხალია: გახარიას პარტიას პატრონებმა უთხრეს, ჯერ თქვენ არ შეხვიდეთ პარლამენტში, დააკვირდნენ, შეხედეს, არ გამოვიდა ეს სცენარი, უთხრეს რომ შებრძანდით და შემობრძანდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, გადაცემაში “იმედი LIVE” ისაუბრა და აღნიშნა, რომ “გახარია – საქართველოსთვის”, “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფია, რომელიც ისე იქცევა, როგორც უცხოელი პატრონები ეტყვიან.

მისი განცხადებით, დააკვირდნენ ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, მიხვდნენ რომ პარლამენტში არშესვლის სცენარი არ გამოვიდა და ახლა გადაწყვეტილება შეცვალეს.

„პარტია, რომელიც იდეურად იაზრებს, იდეოლოგიაში ეთანხმება და მიჰყვება „ნაციონალურ მოძრაობას“ ის ვერ იქნება ცალკე, გამორიცხულია.

ერთი წელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, “ნაცებთან” და თავის პატრონებთან ერთად მშვიდად უყურებდა, როგორ არყევდნენ ქვეყანას და იღებდა ამაში პირდაპირ მონაწილეობას, იღებდა პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობას ყველაფერ არაკონსტიტუციურში. რას აკეთებდნენ? – დააკვირდნენ, შეხედეს, არ გამოვიდა ეს სცენარი და შემოდიან. შემოსვლაზე განცხადებები სასაცილოა, კომედიაა.

თავიდანვე ხომ გახსოვთ, როდესაც მანდატები გაიწვიეს და შემდეგ რაღაც პერფორმანსებს დგამდნენ ესენი [გახარიას პარტია] დარჩნენ, ე.ი. დატოვეს და უთხრეს, რომ ჯერ თქვენ არ შეხვიდეთ პარლამენტში. ახლა, როდესაც ერთი წლის თავზე განმეორდა მართლაც უპრეცედენტო შედეგი, როდესაც ერთი წლის თავზე ქვეყანაში მეორდება საპარლამენტო არჩევნების შედეგი, ნახეს მათმა პატრონებმაც. გავიგე, რომ ბოროტი ზრახვები აქვთ, გავიგე, რომ ბინძურ პოლიტიკას ატარებენ და მათი ბინძური პოლიტიკის სცენარში მოხვდა საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ისინიც ეგუებიან – მოუწიათ, რომ შეჰგუებოდნენ იმ ფაქტს, რომ ქართველებს სურთ ქვეყნის განვითარება. განა არ იციან თვითონ?! ასე რომ, უთხრეს, რომ შებრძანდით და შემობრძანდნენ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები