დავით ქართველიშვილი ბუდაპეშტის სამიტის გადადებაზე: აბსოლუტურად მესმის დონალდ ტრამპის, რადგან მთელი რიგი ძალები, რომლებმაც მას ვერაფერი მოუხერხეს, ახორციელებენ ტრამპის პერსონის დაკნინებას
„თუ ტრამპი 100 %-ით არ იქნება დარწმუნებული, რომ ბუდაპეშტის სამიტი დასრულდება „იალტა-2″ ის შედეგით, ის ამ შეხვედრის გამართვას ვეღარ გარისკავს,” – განაცხადა ბუდაპეშტში ტრამპი-პუტინის შეხვედრის გადადების კომენტირებისას „ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა.
ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუდაპეშტის სამიტის შედეგიანობაზეა დამოკიდებული ტრამპის რეპუტაცია და ევროპის მომავალიც.
„მე აბსოლუტურად მესმის დონალდ ტრამპის, რადგან „დიფ სთეითის” თუ დემოკრატიული ამერიკის მთელი რიგი ძალები, რომლებმაც ვერაფერი მოუხერხეს ტრამპს, ახორციელებენ მისი პერსონის გაშარჟებას, მისი, როგორც პოლიტიკოსის იმიჯის დაკნინებას. ეგვიპტეში ზარზეიმით ჩატარებული სამშვიდობო სამიტის შემდეგ, სადაც ტრამპმა, თუნდაც ერთი წამით იგრძნო რამხელა მასშტაბის კონფლიქტის მოგვარება შეუძლია, ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ იმავე სიმძლავრით შეუდგნენ პალესტინელები და ებრაელები ერთმანეთის ხოცვას – ეს ფაქტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ გაჯამბაზება საკუთარი თავის, უფრო სერიოზულ საკითხთან მიმართებით, ტრამპს, რა თქმა უნდა, არ უნდა და ის 100 %-ით თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ ბუდაპეშტის სამიტი დასრულდება „იალტა-2″ ის შედეგით, რომელიც გაცდება უკრაინის საკითხის გადაწყვეტას და ევროპას მოედება, ის ვეღარ გარისკავს.
ძალიან ბევრი ძალაა, რომელიც ელოდება, ბუდაპეშტის სამიტიც მეორეხარისხოვანი და არასერიოზული შეხვედრის ფორმატში გაიყვანოს. ეს ერთი და მეორე, არ დაგვავიწყდეს, ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია, სადაც ოპოზიციური ფლანგი ელოდება ევრობიუროკრატიის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას. ამ ევრობიუროკრატიის დასრულება კი, იქნება დამოკიდებული სწორედ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, რაც კოლექტიურ ბრიუსელს არ აწყობს. ეს იქნება ბრიუსელისთვის პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი, იმიტომ, რომ მას საზოგადოება არ აპატიებს მათ ამ ოთხ წლიანი ომის განმავლობაში ევროკავშირის ეკონომიკის განახევრებას. ძირითადი ენერგომატარებლები, რომლებიც ასაზრდოებდნენ, როგორც ეკონომიკას ასევე საყოფაცხოვრებო დონეზე ადამიანების კეთილდღეობას, ვიღაცის მავნე ხელით იქნა აფეთქებული. ვგულისხმობ ჩრდილო ნაკადებს და კიდევ ბევრ სხვა ფაქტორს, რომლებსაც უბრალოდ ახალი პოლიტიკური ელიტები ცენტრალურ ევროპაში ურსულა ფონ დერ ლაიენის წიწილებს არ აპატიებენ. ევრობიუროკრატებისთვის კატასტროფაა უკრაინის ომის დასრულება ტრამპის შეხედულებისამებრ და ისიც, თუ ჯანსაღი ევროპის ცენტრი გადავა ცენტრალური ევროპაში და არ დარჩება დასავლეთ ევროპაში,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.