თავდაცვის სამინისტრო დღეიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას იწყებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დღეიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, შეიარაღებულ ძალებში 18-დან 35-წლამდე მოქალაქეებს იწვევს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით წვევამდელები და ის ახალგაზრდები მიიღებიან, რომლებსაც სამხედრო – სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახური აქვთ გავლილი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 955 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე, მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს, ასევე, შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში. იმისთვის, რომ მოქალაქე რეკრუტი გახდეს, ის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს აბარებს. ასევე, გადის სამხედრო – სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 9 -კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training). სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან ის უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით. ცხრაკვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, რეკრუტის ქვედანაყოფში, თანამდებობაზე დანიშვნა ხდება. საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და სამხედრო დისციპლინებში, მომზადებას გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები