კულტურის სამინისტრომ, ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

2 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა და 300 000 ლარი გახდა. კონკურსის მიზანია სახელოვნებო უმაღლესი განათლების ხელშეწყობა; თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან დაახლოება; ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის გაზრდა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
„2022 წელს ამავე კონკურსის ბიუჯეტი 200 000 ლარი იყო და კულტურის სამინისტრომ შვეიცარიის, ავსტრიის, გერმანიის, ბელგიის, ნორვეგიის, ფინეთის სახელოვნებო-საგანმანათლებლო სასწავლებლებში 12 ახალგაზრდის სწავლასთან დაკავშირებული გარკვეული ხარჯები დააფინანსა.
2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 185 000 ლარი და მის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული გარკვეული ხარჯები დაუფინანსდა 22 ახალგაზრდას, რომელთაგან ცხრა ახალგაზრდის სწავლისთვის საჭირო დაფინანსების ნაწილი დაიფარა საქართველოს, ხოლო 13-ის – აშშ-ის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, ავსტრიის სახელოვნებო-საგანმანათლებლო სასწავლებლებში.
საქართველოსა და უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აქვს 18-იდან 35 წლამდე ასაკის ფიზიკურ პირს, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს ან ჩაირიცხა საქართველოს ან უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და მოიპოვა შესაბამისი სასწავლებლის თანადაფინანსება, არანაკლებ 25%-ისა. საკონკურსოდ მიიღება პროექტები საქართველოსა და უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა ხელშესაწყობად, არაუმეტეს ერთი აკადემიური წლის ვადით.
კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
კონკურსში შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელმაც წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიატი და საზღვარგარეთ უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებელში მაგისტრატურაში სურს სწავლის გაგრძელება, ან ეუფლება უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრულ დეფიციტურ, მოთხოვნად პროფესიას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 2 ივნისიდან 2023 წლის 12 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს „ცხელი ხაზის“ საშუალებით, ტელ.: N 032 2 022229, N 599 02 01 98, სამუშაო საათებში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 29 ივნისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/Wwwjef0g

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები