თამარ იოსელიანი: რომისა და მილანის შემდეგ, ვენეცია იქნება მესამე ქალაქი, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩვენი მოქალაქეები და არამარტო, იტალიაში მოხვედრას დეკემბრიდან შეძლებენ
2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება – ვენეცია დაემატება. ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ინტენსიური მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა.
,,ბოლო წლების ჩვენი ბაზრის ლიდერი და სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განვითარებას განაგრძობს. ვენეცია რომისა და მილანის შემდეგ იქნება მესამე ქალაქი, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩვენი მოქალაქეები და არამარტო, იტალიაში მოხვედრას დეკემბრიდან შეძლებენ. აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანია, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით ასევე, ორ ქვეყანას შორის კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, ხაზგასასმელია, რომ იტალია ზოგადად, საქართველოსთვის სამიზნე ბაზარია და Wizz Air მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში, დაახლოებით 90 ათასამდე მგზავრს მოემსახურა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იტალიის მიმართულებით.
„უნდა აღინიშნოს, რომ Wizz Air საქართველოს ბაზრის ლიდერად რჩება და ბაზრის 20 %-იანი წილი უკავია. შესაბამისად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი და Wizz Air დაახლოებით, 900 ათასამდე მგზავრსა და 4800 -მდე რეისს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9 %-იანი ზრდის მაჩვენებელია“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს. ბილეთების ყიდვა ვენეციის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.