“პრემიერმა თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი – ეს იქნება ასევე გზავნილი რუსეთისთვის, რომ საქართველო არის ევროკავშირის და დასავლური სამყაროს ინტერესი” – ბექა დავითულიანი პრემიერის ვიზიტზე

ნებისმიერი ისეთი ვიზიტი, რომელიც ზრდის შესაძლებლობას, მოვითხოვოთ კანდიდატის სტატუსი და, ამასთან, ავხსნათ ჩვენი ფრთხილი პოლიტიკის საფუძველი და საბაბი, არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა “კვირასთან” პრემიერმინისტრის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

დეპუტატის შეფასებით, პრემიერის ვიზიტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში დარწმუნდნენ.

იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც აქვს ჩვენს რეგიონსა და მთლიანად კონტინენტს, რა თქმა უნდა, ყველა სამიტსა და საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს ნებისმიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის შესაძლებლობა, განვუმარტოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ჩვენი პოზიცია, დავარწმუნოთ ისინი, რომ აუცილებლად მისაღებია გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

პრემიერმა ხაზგასმით თქვა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში
მონაწილეობს

მინდა აღვნიშნო, რომ წინა შესაძლებლობის დაკარგვა, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია რუსეთის ქმედებები, რადგან ევროკავშირისგან ასეთ გზავნილებს რუსეთი იღებს უკანდახევად. ესე იგი, არ არის მნიშვნელოვანი ეს რეგიონი. ისეთი მონსტრისთვის, როგორიც რუსეთია, ნამდვილად არ იყო სწორი მესიჯი. ასეთი შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს. სწორედ ამ შეცდომამ განაპირობა ის, რომ საქართველოს უწევს კიდევ უფრო ფრთხილი პოლიტიკის გატარება რუსეთთან მიმართებით, რაზეც ისმის ხოლმე საყვედურები, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამიტომ, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს დაუცველი – ევროკავშირმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მეორე მხრივ, რამდენადაც ევროკავშირი მოგვცემს დაახლოების შესაძლებლობას, იმდენად მოგვეცემა შესაძლებლობა – უფრო თამამები ვიყოთ გარე საფრთხეებთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, როგორც პრემიერმა თქვა – ევროკავშირმა უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ასევე გზავნილი რუსეთისთვის, რომ საქართველო არის ევროკავშირის და დასავლური სამყაროს ინტერესის ტერიტორია, როგორც სახელმწიფო. უნდა იცოდეს რუსეთმა, რომ ეს არის იმ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი. ამის გარდა, სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება საქართველოში გაზრდის რისკებს რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, პრემიერსაც ჰქონდა გზავნილი, რომ საქართველომ უალტერნატივოდ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი – ეს არის სწორი. ნებისმიერი ისეთი ვიზიტი, რომელიც ზრდის შესაძლებლობას, მოვითხოვოთ კანდიდატის სტატუსი და, ამასთან, ავხსნათ ჩვენი ფრთხილი პოლიტიკის საფუძველი და საბაბი, არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დავითულიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით – „უსაფრთხოება“, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა.

თემატური დისკუსია ორი ქვეყნის – გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე ისაუბრეს.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი

დისკუსიის ფარგლებში ასევე აქტუალური იყო საქართველოს საკითხი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიტ ობორი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები