საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ეროვნული სასახლის მუზეუმის ინიციატივით „მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილი ერთობლივი გამოფენა გაიმართა

18 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ეროვნული სასახლის მუზეუმის ინიციატივით წელს მესამეჯერ გაიმართა „მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილი ერთობლივი გამოფენა.

ეროვნული სასახლის ინფორმაციით, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნეს მოწვეულმა მხატვრებმა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სასახლის მუზეუმის კოლექციის გამრავალფეროვნებაში. ეროვნული სასახლის მუზეუმის კოლექციიდან, ღონისძიებაზე გამოიფინა იმ თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრები, რომელთა უმეტესობა სასახლეში აღიზარდა. საღამოს მუსიკალურად გააფორმა მევიოლინეთა ანსამბლმა „სი-მი“.
მუზეუმებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი საზოგადოებების ცნობიერების ამაღლებაში, კეთილდღეობასა და მდგრად განვითარებაში. მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით, „მუზეუმის საერთაშორისო დღე“ 1977 წლიდან აღინიშნება, საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით. მუზეუმების საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს კონკრეტულ თემას, რომლის მიხედვითაც მუზეუმები გეგმავენ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს ფართო აუდიტორიის ჩართულობით. 2023 წლის თემად გამოცხადდა „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა”.
ეროვნული სასახლის მუზეუმი გაიხსნა 2017 წლის 25 დეკემბერს. სასახლის საგამოფენო სივრცეებში განთავსებულია 200-ზე მეტი ფერწერა-გრაფიკის, ასევე სკულპტურული ნამუშევრები, რომლებიც ხელოვანებმა საჩუქრად გადასცეს სასახლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები