ზურაბ აბაშიძე – „საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ დაიცვას თავისი ქვეყანა, როგორც შეუძლია, სანამ არ გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი“
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხზე საუბრისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გაიხსენა, რომელიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხებოდა. მან მიხეილ სააკაშვილის სიტყვების ციტირება მოახდინა.
„სააკაშვილი ამბობდა: “ რასაც ჩვენ ვაცხადებთ, სწრაფად სრულდება. თქვით, რომ სავიზო რეჟიმს გავაუქმებდით და 5 წუთში გავაუქმეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ თავისუფალი ქვეყანა ვართ და რაც უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვა ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით მეტ ინფორმაციას მიიღებენ, უფრო მეტად კმაყოფილები იქნებიან, უფრო მეტად ისიამოვნებენ საქართველოს ბუნებით, ქართული ღვინოებითა და მინერალური წყლებით” – ეს სიტყვები ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს. ერთი რამ მაინტერესებს, რა შეიცვალა დღეს ნაცმოძრაობის მხარდამჭერებისთვის?”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზეც გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ დაიცვას თავისი ქვეყანა, როგორც შეუძლია, სანამ არ გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი, როდესაც უფრო მეტი დაცულობა გვექნება,“ – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.