“გიორგი ვაშაძე უნამუსო კაცია! არც მე, არც ჩემი შვილები და ოჯახის წევრები არ იცნობენ არავის, ვინც დაკავშირებული იყო ე.წ. ქოლ-ცენტრებთან” – ისკო დასენი
„გიორგი ვაშაძე უნამუსო კაცია! – მინდა, განვაცხადო, რომ არც მე, არც ჩემი შვილები და ოჯახის წევრები არ იცნობენ არავის, ვინც დაკავშირებული იყო ე.წ. ქოლ-ცენტრებთან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ისკო დასენმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
„მინდა, იცოდეთ, რომ ჩემი პირადი ინტერესია, დადგინდეს ყველა, ვინც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში მონაწილეობდა. დღეს დავრწმუნდი, რომ აქ ბევრს აინტერესებს ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ერთი მიზნით – შეცდომაში შეიყვანოს გამოძიება და საზოგადოება.
ამ საქმეს იძიებს ევროპის ქვეყნების სხვადასხვა სერიოზული სტრუქტურა, რომელიც ყველაფერს დაადგენს. ვაშაძე, რომელიც იმ დღეს, როდესაც მე გამოვდიოდი გაიპარა, დღესაც ისევ არ არის. ეს არის უნამუსო კაცი. მან თვითონ აღიარა ბავშვობაში რას ეძახდნენ, ზუსტად ის კაცია.
მინდა განვაცხადო, რომ არც მე, არც ჩემი შვილები და ოჯახის წევრები არ იცნობენ არავის, ვინც დაკავშირებული იყო ე.წ. ქოლ-ცენტრებთან. ე.წ. ქოლ-ცენტრებთან არანაირი საქმიანობა არ ჰქონიათ. ვაშაძემ რამდენიმე გვარი დაასახელა, არცერთ მათგანს არ ვიცნობთ.
მე არ მიყვარს სიტყვით გამოსვლა, გამოდის, რომ თავს ვიმართლებთ. ამას ვერ დამალავ. ის ხალხი თუ მიცნობს, შემხებლობა თუ ჰქონდა ან მე, ან ჩემს ოჯახს, ეს ყველაფერი დადგინდება. იმედია, სიმართლე დადგინდება. თქვენ, ვინც მოამზადეთ კანონპროექტი, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცით, რომ მე არანაირი ურთიერთობა არ მქონია ამ საქმესთან“, – აღნიშნა ისკო დასენმა.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახია დაკავშირებული.