ComCom-მა “ტელეიმედი” 2500 ლარით დააჯარიმა
2023 წლის აპრილში, ComCom-მა მაუწყებლის ეთერში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგად, გადაცემებში “კულინარიული დუეტი”, “იმედის დილა”, “ჩვენთან ერთად” და “ჩვენი ოჯახი”, დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, დაირღვა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ეთერში პროდუქტის განთავსების წესები, რომლის მიხედვით, აკრძალულია პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, პროდუქტის შეძენისკენ მოწოდება, გადაცემის შინაარსზე სარეკლამო ტექსტებით გავლენის მოხდენა და აზარტული თამაშებისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის პროდუქტის პროგრამაში განთავსება.
გარდა ამისა, დარღვეულია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპონსორობის წესებიც, რომელიც სპონსორობისას პროდუქტის შეძენისა და მოხმარებისაკენ მოწოდებას კრძალავს. გამომდინარე იქედან, რომ ტელეკომპანია “ტელეიმედის” მხრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა ეთერში პროდუქტის განთავსების წესის დარღვევას, რის გამოც ComCom-მა მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა, კანონდარღვევის განმეორებისთვის ტელევიზია 2500 ლარით დაჯარიმდა.