ირაკლი ღარიბაშვილი: რეიკიავიკის სამიტზე ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი – საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი – საქართველო, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკის სამიტის გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია, რომ საქართველომ მიიღოს დამსახურებული სტატუსი.

„ჩვენ წარვდგებით ჩვენი ქვეყნის სახელით. მე მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ ვისაუბრო, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც შექმნილია მთელს ევროპის კონტინენტზე. გვექნება შიდა გამოწვევებზე საუბარი და ვფიქრობ რომ იქნება ძალიან წარმატებული შეხვედრებიც. ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი – საქართველო, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც შეუცვლელია და არის ჩვენი ხალხის არჩევანი. აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი.

ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში იმყოფება. მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები