“ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება და ამის შემდეგ მოხდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.
„პირველ ყოვლისა, ეს არის საქართველოს შესაბამისი უწყებების დამსახურება. სუს-ის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ფაქტების გამოვლენა. სანამ ტელეკომპანია „ბიბისი“ ჟურნალისტურ გამოძიებას არ ჩაატარებდა, არ გქონდათ ინფორმაცია და არაფერი გსმენიათ ამ თემაზე? ყველამ იცოდა, რომ პრობლემა იყო ეს „ქოლცენტრები“ და ვინ იდგა ამის უკან. ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება, კონკრეტული საქმის მასალების მოკვლევა. შემდეგ კი ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა იყო. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.