ირაკლი ალასანიას ფრანგმა კოლეგამ უმასპინძლა

     საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას დღეს, ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრას ასევე, დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. კოლეგები უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტის მნიშვნელობასაც შეეხნენ. ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საფრანგეთის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო. „საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოში. ის არის მხარდამჭერი, რომ ჩვენ გვქონდეს ისეთი შეიარაღება, რომელიც იმ გამოწვევების ადეკვატურია, რაც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებობს. თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მისიაში ჩვენი მონაწილეობისთვის დიდი მადლობა გადაგვიხადა. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობი კიდევ უფრო გამყარდება, გაღრმავდება და ყოვლისმომცველი გახდება“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ: „უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. განხილული იქნა მსოფლიოში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხები. აფრიკაში ერთობლივ ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა მივიღეთ. რაც მთავარია, უაღრესად მაღალ დონეზე დაისახა ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის განვითარება“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები