დავით ნარმანიამ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რაიონების გამგებლებმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისგან დასუფთავების მასშტაბურ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისგან დასუფთავების აქცია, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, თბილისის ყველა რაიონში ერთდროულად, დილის 10 საათიდან დაიწყო.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ეს არ არის ერთჯერადი აქცია და სააგიტაციო მასალისგან დედაქალაქის გაწმენდა გაგრძელდება მანამ, ვიდრე თბილისი სრულად არ გასუფთავდება. მერიის დასუფთავების სამსახურთან ერთად, აქციებში პირადად ჩაერთვებიან რაიონების გამგეობები და საკრებულის მაჟორიტარი დეპუტატები.
„დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვა ყველას ვალია, ეს ჩვენი კულტურის ნაწილად უნდა იქცეს და მომავალში, არჩევნების დასრულებისთანავე, რაც შეიძლება სწრაფად გაიწმინდოს თბილისი“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.