რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს შესაძლოა, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულება გამოაცხადოს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა, რომან სვიტანმა ტელეკომპანია Espresso-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პუტინს შეუძლია, გამოაცხადოს “გამარჯვება” და თქვას, რომ “ოპერაცია” წარმატებული იყო, რადგან რუსეთმა ახალი ტერიტორიების დაკავება შეძლო.
“პუტინი შეეცდება, სხვა რეჟიმზე გადაიტანოს “სპეციალური ოპერაცია”, რომელმაც დასახული ამოცანები შეასრულა”, – თქვა სვიტანმა.
მან გაიხსენა, რომ ასეთი სცენარი საინფორმაციო სივრცეში „ვაგნერის“ დირექტორმა, ევგენი პრიგოჟინმა აპრილის შუა რიცხვებში შეაგდო და თქვა, რომ “რუსეთმა უკრაინაში ყველა დავალება შეასრულა და სპეციალური ოპერაციის დასრულების დროა”.
სვიტანის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს, ისევე – როგორც სამხედრო-პოლიტიკურ სარდლობას, პრიგოჟინის სიტყვებზე ნეიტრალური რეაქცია ჰქონდათ – არც დაუჭირეს მხარი ამ მოსაზრებას, მაგრამ არც უარყვეს. პოლკოვნიკის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ “იდეა დაბლოკილი არ არის”.
“ამიტომ, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეუძლია, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება – გამოაცხადოს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დასრულება და შეეცადოს, გადავიდეს ყრუ თავდაცვის რეჟიმში და დარჩეს მასში”, – თქვა სვიტანმა.
აღსანიშნავია, რომ 9 მაისს ე.წ. სპეცოპერაციის შესაძლო დასრულების შესახებ 1-ელ მაისს უკრაინული გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა.
კერძოდ, მათი ვერსიით, რუსეთი შეეცდება – 9 მაისამდე ბახმუტი აიღოს და თქვას, რომ “გაიმარჯვა”, შესაბამისად, “ოპერაციის” მიზნებიც შესრულებულია.
გამოცემის წყაროები აღიარებენ, რომ ამ ვერსიაში გარკვეული ლოგიკა არსებობს, რადგან ფაქტია, რომ ბახმუტის აღების შემდეგ რუსებს შეტევის ფიზიკურად გაგრძელების უნარი აღარ ექნებათ. გასულ წელს, სევეროდონეცკის აგლომერაციისთვის დამღლელი ბრძოლების შემდეგ რუსული წინსვლა თვეების განმავლობაში შეჩერდა. გარდა ამისა, უკრაინის შეტევის შემდეგ, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს დაკარგავს. ანუ, მოსკოვის მხრიდან „ომის დასასრული“ იქნება უკრაინისთვის წართმეულის გამყარება.
„თუ რუსეთი ომის დასრულების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყებამდე გამოაცხადებს, არსებობს რისკი, რომ მსოფლიო ლიდერები კიევის მოლაპარაკებებისკენ დაყოლიებას დაიწყებენ. მით უმეტეს, რომ მზარდია იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც მშვიდობას უჭერენ მხარს”, – წერს უკრაინული გამოცემა.
მეორე მხრივ, თუ კრემლი გამოაცხადებს, რომ ამთავრებს ომს და სურს მოლაპარაკება, “მშვიდობისმყოფელთა” წრე მხოლოდ გაფართოვდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის ამოცანაა – შეინარჩუნოს ბახმუტის დაცვა და არ მისცეს მოსკოვს რაიმე სახის „გამარჯვება“, თუნდაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყებამდე.