თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის წევრებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს. სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ დეპუტატებს უკვე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც ცენტრში ბოლო პერიოდში განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანზორ ჩუბინიძემ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ისაუბრა და კანონმდებლებს სდსს-ის მიმართ გამოვლენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომიტეტის წევრებმა სასწავლო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სპორტული დარბაზი და მოედანი, სხვადასხვა დროს სახელმწიფოს პირველი პირებისთვის და მაღალი დონის სტუმრებისთვის განკუთვნილი დაჯავშნული ავტომობილების მუზეუმი დაათვალიერეს და კინოლოგების, პირადი დაცვის და სპეციალური დანიშნულების ჯგუფის საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.

დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს შესაძლებლობა გვქონდა დაგვეთვალიერებინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრი, ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრს ჰყავს ბრწყინვალე პირადი შემადგენლობა. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მისი შესაძლებლობებით ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. მას საშუალება აქვს უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის ფუნქციების სრული სპექტრის განხორციელება. სამსახურს აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს პარტნიორი ქვეყნის შესაბამის უწყებებთან და შეუბღალავი რეპუტაცია აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სამსახურის სასწავლო ცენტრის საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს. ჩვენი პრიორიტეტია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მაქსიმალური ყურადღება მიექცეს და მეტი რესურსი იყოს მიმართული სამსახურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

სდსს-ის ცენტრის სასწავლო პროგრამები მოიცავს საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის და სხვა მნიშვნელოვან პირთა პირადი დაცვის თანამშრომელთა გადამზადებას, სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მებრძოლთა კვალიფიკაციის ამაღლების, საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთა მომზადების კურსს, სასწავლო-მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ ტრენინგებს სამსახურის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვას ექსტრემალურ სიტუაციებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები