იაროსლავ კაჩინსკი: არსებობს ნიშნები იმისა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება, კომპრომისით დასრულდეს და არა – საბოლოო მოგვარებით
პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება დასრულდეს კომპრომისით და არა საბოლოო მოგვარებით, რაც მომავალში კვლავ საფრთხის წყარო იქნება.
„დღეს ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში. არსებობს იმის ნიშნები, რომ ის შეიძლება დასრულდეს რაიმე სახის კომპრომისით და არა საბოლოო მოგვარებით, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ მალე შეიძლება ახალი საფრთხეები გაჩნდეს. ჩვენ არ გვინდა ასეთი გადაწყვეტა“, – აღნიშნა კაჩინსკიმ.
მისივე თქმით, პოლონეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინელებს მათი ტერიტორიის გათავისუფლების მოთხოვნაში, „მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“.
„უკრაინის ომი მიუთითებს იმაზე, რომ დღეს არმია უნდა იყოს სათანადოდ მრავალრიცხოვანი და ამავე დროს სათანადოდ შეიარაღებული. სხვადასხვა ასპექტში, როგორც ცეცხლის შესაძლებლობების, საჰაერო თავდასხმის მოგერიების უნარის თვალსაზრისით, ასევე – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს უკრაინის ფრონტზე – შეტევითი შესაძლებლობების თვალსაზრისით“, – ხაზგასმით აღნიშნა კაჩინსკიმ.