ირაკლი ალასანია ევროპული ძალების წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ევროპული ძალების (EUFOR RCA) წარმომადგენელთან, ბრიგადის გენერალ ტიერი ლიონთან გამართეს შეხვედრა. ფრანგმა გენერალმა, რომლის დაქვემდებარებაშიც ქართული კონტინგენტი იმყოფება, ქართულ მხარეს ბანგიში არსებული სიტუაცია გააცნო და სამშვიდობო მისიის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ევროპული ძალების უმაღლესმა წარმომადგენელმა ცარ-ის სამშვიდობო მისიაში ქართული ასეულის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართული კონტინგენტის მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის მინისტრს არმიის გენერალს ტომას თეოფილ ტიმანგოას შეხვდნენ. მხარეებმა სამშვიდობო მისიის მიმდინარეობა განიხილეს. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ქართულ მხარეს მოქმედების არეალში მიმდინარე ოპერაციების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეაფასა: „შესაძლებლობა მქონდა ჩვენს ჯარისკაცებს გავსაუბრებოდი. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იმყოფებიან და მსახურობენ ევროკავშირის მისიაში. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯს ძალიან ამაღლებს. მე მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ფრანგი გენერალი, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობა აფასებს იმას, თუ რასაც აკეთებენ ჩვენი სამხედროები“. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივნისში გაემგზავრა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას დედაქალაქ ბანგიში ასრულებენ. მისია სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მდგომარეობის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ასეული აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებასაც ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები