“აღარ ვკითხულობდით: “რატომ დააკავეს?” – New York Times-ი რუსეთში დაკავებული ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
New York Times-ის სარედაქციო საბჭომ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რუსეთში დაკავებული კოლეგის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებას ითხოვს.
სტატია იწყება ნადეჟდა მანდელშტამის “მოგონებებიდან” ციტატით, სტალინის ტერორის შესახებ: “როდესაც მორიგი დაკავების შესახებ შევიტყობდით, აღარ ვკითხულობდით: “რატომ დააკავეს?”
NYT -ის მასალაში ციტატა ამ სიტყვებით მთავრდება, თუმცა, BBC-ის სრული ვერსია მოჰყავს:”როდესაც მორიგი დაკავების შესახებ შევიტყობდით, აღარ ვკითხულობდით: “რატომ დააკავეს?” მაგრამ ჩვენნაირი ცოტა იყო. შიშისგან გაგიჟებული ადამიანები ერთმანეთს ამ კითხვას საკუთარი თავის დასამშვიდებლად უსვამდნენ: თუ ადამიანები რაღაცისთვის აიყვანეს, მე არ დამაკავებენ, რადგან არაფერი დამიშავებია! ყოველი დაკავებისთვის უამრავ მიზეზს და გამართლებას იგონებდნენ”.
New York Times-ის აზრით, პუტინმა სტალინური მრავალი მეთოდი გამოიყენა და ეს ნაწილობრივ ხსნის იმას, რაც ხდება ალექსეი ნავალნისთან ან ვლადიმერ კარა-მურზასთან მიმართებით. ევან გერშკოვიჩი კი დასავლეთისა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ პუტინის ზიზღის დემონსტრირების მიზნით აიყვანეს, რადგან ჯაშუშობის არანაირი მტკიცებულება ამ დრომდე არ წარუდგენიათ.
„კრემლის მზადყოფნა, მძევლად აიყვანოს აკრედიტებული ჟურნალისტი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რატომ უნდა გამოიჩინონ შეერთებულმა შტატებმა და მათმა მოკავშირეებმა სიმტკიცე, რათა უკრაინასთან მიმართებით პუტინის გეგმები ჩაშალონ. უკრაინა ირჩევს – გახდეს ევროპის ნაწილი, სტაბილური, მშვიდობიანი, რომელიც დაექვემდებარება წესებს და კანონს. პუტინი კი ამ ყველაფერს შიშით და ძალის მეთოდით ჩანაცვლებას ცდილობს“, – ნათქვამია მასალაში.