“ჩინეთს უკრაინის ომის დარეგულირებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია” – მაკრონი
ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით მყოფმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პეკინს უკრაინაში მშვიდობის დარეგულირებაში შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
ამის შესახებ მან პეკინში საფრანგეთის საელჩოში სიტყვით გამოსვლისას თქვა.
„ჩინეთს, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს და რაც სულ ცოტა ხსნი წინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, – თქვა მაკრონმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის ძიებაში პასუხისმგებლობის თანაბარი წილით ბევრი ქვეყანა მონაწილეობს და თავის მხრივ საფრანგეთი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ჩინეთში მაკრონის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, დაარწმუნოს სი ძინპინი, არ გაუწიოს სამხედრო დახმარება რუსეთს.
პოლიტიკოსი ასევე იმედოვნებს, რომ შეძლებს საფრანგეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას.
საელჩოში სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა თქვა, რომ ევროპა ეკონომიკურ სფეროში ჩინეთს არ უნდა დაშორდეს.
მიმდინარე კვირაში პეკინში ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსაც ელოდებიან.