ირაკლი ზარქუა: ვიოლა ფონ კრამონმა „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს მხარდაჭერა აღუთქვა, აბა, ეს თავის ქვეყანაში გააკეთოს, რას უზამენ!

ვიოლა ფონ კრამონმა „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს მხარდაჭერა აღუთქვა, აბა, ეს თავის ქვეყანაში გააკეთოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლას გამოეხმაურა.

ზარქუას თქმით, ვიოლა ფონ კრამონმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ღირსებასა და სამართლებრივ სახელმწიფოს.

„ჩემთვის ვიოლა ფონ კრამონი, კუბილიუსი და კიდევ რამდენიმე არასოდეს ყოფილან პოლიტიკოსები და არც იქნებიან, ისინი არიან ჩვეულებრივი ფასიანი ლობისტები. ევროპარლამენტში 10 ადამიანამდე დაიჭირეს და ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ თქვა, რომ ფულის აღებასა და კორუფციაში ეჭვმიტანილი 100 კაცამდე არისო. არ გამოვრიცხავ, მათ შორის იყვნენ დანარჩენებიც, ვინც ჩვენი ქვეყნის მეგობრები კი არა, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები არიან.

ამის დემონსტრირება იყო, რაც ვიოლა ფონ კრამონმა იკადრა – გამოვიდა და „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს მხარდაჭერა აღუთქვა. ეს, აბა, თავის ქვეყანაში გააკეთოს და რას უზამენ, ახალგაზრდებმა „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციას ესროლონ, შემდეგ მათ მხარი დაუჭიროს და მერე დაჯდეს ევროპარლამენტში. აქ „მოსულა“, არა? საქართველოა? კეთილი ინებოს და პატივი სცეს ამ ქვეყნის ღირსებას, ავტორიტეტს, კულტურას, ხალხსა და სამართლებრივ სახელმწიფოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები