ილია დარჩიაშვილი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანა და წევრ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანა და წევრ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე – მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – ადასტურებს ევროკომისიის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც პოზიტიურად აფასებს ევროპულ კანონმდებლობასთან საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციის ხარისხს და ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას.
მინისტრის განცხადებით, 12 პრიორიტეტის განსაზღვრის დღიდან მთლიანად საჯარო სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით, დგამს ნაბიჯებს ამ პრიორიტეტების სრულად შესრულების მიმართულებით. მიღებულია მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, შეტანილია ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში, შექმნილია შესაბამისი სტრუქტურები ცალკეული პრიორიტეტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მიზნით.
„12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესს ჩვენ ვუდგებით დამსახურებაზე დაფუძნებული პრინციპით და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან საუბრისას ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და იმ შედეგებს, რომელსაც საქართველო აჩვენებს როგორც 12 პრიორიტეტის განხორციელების, ისე ზოგადად ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპული საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილების შემდგომ პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებზეც. მისი განცხადებით, ყველა ამ შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება წარმოადგენდა და საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღოს.
ამ კუთხით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მიმდინარეობს ევროკავშირთან აქტიური კომუნიკაცია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის, დარგობრივი სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს ევროპულ ინსტიტუციებში, წევრი ქვეყნების დედაქალაქებსა და ამავე ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში. ეს შეხვედრები უზრუნველყოფს საქართველოს მოკავშირეთა რეგულარულ ინფორმირებას 12 პრიორიტეტის ეფექტიანად შესრულების თაობაზე.
„საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის სტატუსის მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ“, – ხაზგასმით განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.