არჩილ თალაკვაძე: ყველა პატიმარს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ
“მინდა, მოვუწოდო სააკაშვილის გარემოცვას, თუ მათ მართლა აინტერესებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ძალისხმევა და რესურსები იმაზე დახარჯონ, რომ მან მკურნალობა განაახლოს, მიიღოს ექიმების დანიშნულება და განაახლოს სრულფასოვანი კვება. ეს ორი საბაზისო პირობა აუცილებელია, რომ შედეგსა და გაუმჯობესებას მივაღწიოთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის გარემოცვა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზებას აგრძელებს.
„ყველა პატიმარს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ. მისი გარემოცვის მხრიდან გრძელდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზების მცდელობა. რაც შეეხება სტრასბურგს, ეს ოპოზიცია მერამდენედ უნდა ემუქრებოდეს საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის გადაწყვეტილებებით.
შეგახსენებთ, როდესაც სააკაშვილი დააპატიმრეს და მან შიმშილობა დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს მისმა ადვოკატებმა და რამდენიმე საათში სასამართლომ მოუწოდა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა. მას შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზიებს უყენებდნენ იუსტიციის სამინისტროს, ექიმებსა თუ სხვა ჩართულ მონაწილე პირებს, არასდროს შეუტანიათ სტრასბურგში არცერთი საჩივარი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.