გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის სესიაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილეს
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის სესიაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილეს.
“იუსტიციის მინისტრის მოადგილე გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე სიტყვით წარსდგა. ბუბა ლომუაშვილმა გაერო-ს კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხს, რასაც იუსტიციის სახლები მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს; ინოვაციურ პროექტ „მობილურ იუსტიციის სახლს“, აგრეთვე, საქართველოს წარმატებას ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით.
გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე ქართულ დელეგაციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ნიკო თათულაშვილის ხელმძღვანელობდა. დელეგაცია დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყების მაღალი თანამდებობის პირების მიერ.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ხაზი გაუსვა შშმ პირთა შესახებ საქართველოს კანონის მიღების და უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის მნიშვნელობას. დასკვნით მოსაზრებებს და რეკომენდაციებს გაერო მოგვიანებით გამოაქვეყნებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.