ეროვნული გალერეა ახალი კოლექციების ყველაზე მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს
25 თებერვლიდან 12 მარტამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ახალშეძენილი კოლექციების ახალი, წინა გამოფენებთან შედარებით გაფართოებული, ექსპოზიცია მოეწყობა.
ეროვნული გალერეის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმებისათვის სამინისტროს მიერ 2021-2022 წლებში შეძენილი ექსპონატები (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი).
სამინისტროს მიერ მუზეუმებისათვის შეძენილი ექსპონატების მეოთხე, ყველაზე მასშტაბური გამოფენა 12 მარტამდე გაგრძელდება.
„კულტურის სამინისტრომ 30-წლიანი წყვეტის შემდეგ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი ნამუშევრებით შევსება მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. ეს არის 119 ქართველი მხატვრის ნამუშევრები. მანამდე მუზეუმს ეს ნამუშევრები ან საერთოდ არ ჰქონდა, ან მათი რაოდენობა არასაკმარისი იყო. ახალ კოლექციაში მოხვდა საჩუქრად გადმოცემული ზოგიერთი სურათიც, რომელთა ავტორების გამოფენები ეროვნულ გალერეაში 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე გაიმართა.
ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია წარმოაჩენს XX-XXI საუკუნეების ქართული ხელოვნების განვითარების შთამბეჭდავ სურათს. 1950-1970-იანელთა გრაფიკის ახალი კოლექციის შეძენისას არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში. კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველ ჯგუფურ გამოფენაზე წარმოდგენილი სურათებიც. მათ გარდა, სამინისტრომ მუზეუმისთვის შეიძინა ვალერიან სიდამონ-ერისთავის დიდი კოლექცია, 1980-1990-იანელთა ფერწერული სურათები, დიდი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, 73 ნამუშევარი, კირილე ზდანევიჩის, ფელიქს ვარლამიშვილის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანის, ირინა შტენბერგის, რუსუდან გაჩეჩილაძისა და ვაჟა მელიქიშვილის არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი. ხელოვნების მუზეუმის ახალშეძენილი კოლექცია ეტაპობრივად გამოიფინება. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი გამოფენა ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის მუზეუმში 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში გაიმართა და სიღნაღის მუზეუმში დღემდე გრძელდება. ამჯერად ეროვნულ გალერეაში ეწყობა ამ ახალი კოლექციის მე-4, წინამორბედებთან შედარებით გაფართოებული, ექსპოზიცია.
ასევე გამოიფინება კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი 30-მდე ექსპონატი. სამშობლოში დაბრუნებული დასავლეთევროპული კოლექციებიდან საყურადღებოა დიდი ფრანგი ორიენტალისტი მხატვრის, ჟან ჟოზეფ ბენჟამინ კონსტანტის (1845-1902) ნამუშევარი „ბიჭუნა ყაბალახსა და ჩოხაში“, რომელიც გრაფ ოლდენბურგის სასახლიდან (ამჟამინდელი ხელოვნების სასახლე) XX საუკუნის 20-იან წლებში გაიტანეს და უცხოეთში გაყიდეს.
წარმოდგენილი იქნება ასევე გამორჩეული ქართველი მხატვრის, ირაკლი მდივნის (1907-1991) საქართველოში დაბრუნებული 22 ნამუშევარი. ახალშეძენილ კოლექციაში, ძირითადად, ირაკლი მდივნის XX საუკუნის 30-იან წლებამდე შექმნილი ნამუშევრებია, რომლებშიც კარგად ჩანს მხატვრის მოდერნისტული მისწრაფებები. სამწუხაროდ, 1937 წლის რეპრესიების შემდეგ ქართულ მხატვრობაში ეს მიმდინარეობა, ფაქტობრივად, გაქრა.
ხელოვნების სასახლის კოლექციებიდან ეროვნულ გალერეაში საგამოფენოდ გადაინაცვლებს ცნობილი ქართველი თეატრის მხატვრის – ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრებიც. 2022 წელს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლეს ვალერიან სიდამონ-ერისთავის 110 ესკიზი და ერთი ფერწერული ტილო გადასცა; მუზეუმისთვის ასევე შეიძინა ფელიქს ვარლამიშვილის სურათი „ხვატი“.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კულტურის სამინისტროს მიერ 2021-2022 წლებში ხელოვნების სასახლისათვის შეძენილი უნიკალური ხელნაწერები – ორი ავტოგრაფიული ნუსხა ილია ჭავჭავაძის ცნობილი პუბლიცისტური წერილებისა – „ზოგი რამ“. ამ სათაურით წერილებს ილია ჭავჭავაძე XIX საუკუნის II ნახევარში აქვეყნებდა.
გარდა ამისა, 2021 წელს სამინისტრომ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის ფონდების შევსების მიზნით შეიძინა ცნობილი პუბლიცისტის, ჟურნალისტის, მთარგმნელის, მწერალთა კავშირის საბჭოს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების წევრის, ილია აგლაძის, არქივი. ის აერთიანებს 1917 წელს მწერალთა კავშირის დაარსებიდან 1921 წლამდე პერიოდის უაღრესად საინტერესო 373 ხელნაწერს, დოკუმენტსა და ფოტოს: მწერალთა ანკეტებს, ბიოგრაფიებს, წერილებს, განცხადებებს, მწერალთა კავშირის სხდომათა ოქმებს, ხელწერილებს, ღია ბარათებს, ქართველ მწერალთა კავშირის 1917 წლის პირველი კონფერენციის მასალას.
2021 წელსვე ქართული ლიტერატურის მუზეუმს გადაეცა სამინისტროს მიერ შეძენილი გალაკტიონ ტაბიძის დღემდე გამოუქვეყნებელი ოცი ხელნაწერი – 32 ლექსი, დღიურის ექვსი ჩანაწერი, ერთი პირადი წერილი, ორი თარგმანი და ათი ჩანახატი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.