კულტურის სამინისტროში გამოცხადდა კონკურსი – „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამოცხადდა კონკურსი – „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ისაუბრა.
„კონკურსის მიზანია საქართველოში დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება.
2021 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 120 000 ლარს. კონკურსის ფარგლებში კულტურის სამინისტროს 31-მა განმცხადებელმა მომართა. დაფინანსდა 6 პროექტი : „საქართველოს მეგალითები“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ძეგლთა შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი; „კახი (კაკი) ისტორიულ და კულტურულ ჭრილში“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ჰერეთის სახლი; „სამი ამბავი საქართველოდან – ანსოს ჯვრის თავგადასავალი“ (პირველი ნაწილი), განმახორციელებელი – ინდმეწარმე თამარ მახარაძე; „დიუმა თბილისში“, განმახორციელებელი – ინდმეწარმე გიორგი ჭუმბურიძე; „არა ვინ და ლურჯი ცა“, განმახორციელებელი – ფ/პ მაგდა გველესიანი; „რა საიდუმლოს ინახავს თბილისი“, განმახორციელებელი – ფ/პ მიხეილ აბრამიშვილი.
2022 წელს კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 110 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 24-მა განმცხადებელმა მომართა. დაფინანსდა ხუთი პროექტი: „ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში“, განმახორციელებელი – ი/მ გიორგი ჭუმბურიძე; „კლდეში ნაკვეთი ისტორია“, განმახორციელებელი – შპს კინოსტუდია ხომლი; „ლელობურთის შთამომავლები“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ეთნო-ფილმი;. „… მათ სხვა დრო წამოეწიათ“, განმახორციელებელი – ი/მ გიორგი მოლოდინაშვილი; „ქართული ინჟინერიის შედევრები“, განმახორციელებელი – შპს საპროდიუსერო სტუდია აკრობატი.
მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრომ კონკურსისთვის გამოყო 100 000 ლარი.
უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს კონკურსანტს, რომელსაც აქვს დოკუმენტურ/სამეცნიერო-პოპულარულ კინოში მუშაობის გამოცდილება ან ქმნის მაღალი ხარისხის ნიმუშებს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს – კერძო და მუნიციპალურ სახელოვნებო სასწავლებლებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 22 თებერვლიდან 2023 წლის ორი მარტის 12:00 საათამდე ნაბეჭდი სახით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge. მსურველებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ტელეფონით: N032 2 02 22 29; 5 77 27 00 73, სამუშაო საათებში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 17 მარტისა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/I370kxm