სამხატვრო აკადემიაში ტარიელ კიპაროიძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, არქიტექტორ-რესტავრატორის, აკადემიკოს ვახტანგ ცინცაძის რუსულიდან ქართულად თარგმნილი წიგნის – „თბილისის“ პრეზენტაცია და ვახტანგ ცინცაძის მოწაფის, არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძის, 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტარიელ კიპაროიძის „ნარიყალას ანსამბლის რესტავრაციის პროექტის“ გამოფენა გაიმართა, სადაც წარადგინეს რესტავრაციის ანგარიში.

„ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო რესტავრატორის ზოგიერთი სკულპტურული ნამუშევრის რეპროდუქციაც.

აღსანიშნავია, რომ აკადემიკოს ვახტანგ ცინცაძის მიერ 1958 წელს რუსულ ენაზე შექმნილი წიგნი „თბილისი“ ქართულად პირველად 2022 წელს კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოიცა. თბილისის ძველი ხუროთმოძღვრებისა და XIX საუკუნის პირველი ნახევრის საცხოვრებელი სახლებისადმი მიძღვნილი ეს ნაშრომი ვახტანგ ცინცაძის მეცნიერულ მემკვიდრეობაში განსაკუთრებით გამოირჩევა. წიგნი გამოსცა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“,თარგმნა ნინო ხუციშვილმა, რედაქტორია ცისანა თოდუა-კარტოზია, სამეცნიერო რედაქტორია ტარიელ კიპაროიძე,რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის რესტავრაციის განყოფილებას და სასწავლო პროცესს.

რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე 1997 წელს დასახელდა წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაშრომის ავტორად („წმ.ნიკოლოზის ტაძრის განახლება თბილისის ციტადელში“). გარდა პედაგოგიური და სარესტავრაციო საქმიანობისა, მან შექმნა გრანიტისა და მარმარილოს სკულპტურული ნამუშევრები. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინათში, მხატვართა გამოფენაზე ქანდაკების ნომინაციაში იგი დაჯილდოვდა პირველი პრემიით.

ტარიელ კიპაროიძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. დაბადების 75-ე წლისთავზე მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორ-რესტავრატორის წოდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები