“ზახაროვას მხრიდან ანომალიური და გაურკვეველი ტიპის განცხადება საქართველოს ეროვნული ინტერესების მიმართ უკმეხი დაცინვაა” – ვახტანგ მაისაია
“ზახაროვას მხრიდან ანომალიური და გაურკვეველი ტიპის განცხადება საქართველოს ეროვნული ინტერესების მიმართ უკმეხი დაცინვაა”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაისაია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთი საქართველოსგან “ორი ქვეყნის”- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებას ითხოვს.
პოლიტოლოგის თქმით, ზახაროვა შანტაჟის ენაზე ლაპარაკობს, რაც მისთვის მისაღები ფორმაა.
„კრემლმა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომელიც უკვე სახელმწიფო სათათბიროს რეესტრშია დარეგისტრირებული. სავარაუდოდ, ალბათ, ამ თვის ბოლოს ან მარტის დასაწყისში ამ კონცეფციას სახელმწიფო სათათბირო და ფედერაციის საბჭო დაამტკიცებენ, შემდგომში კი პრეზიდენტი პუტინი მოაწერს ხელს და ის ძალაში შევა. განცხადებები, რომლებიც ქალბატონმა ზახაროვამ საქართველსოთან მიმართებით გააკეთა, რომ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებს, თითქოს, საქართველო მათზე ხელმეორედ აპირებს, თავდასხმა განახორციელოს და საქართველოსგან ე.წ. სამშვიდობო, თუ მშვიდობის უზრუნველყოფის შეთანხმების გაფორმებას მოითხოვენ, ეს ყველაფერი ამ საგარეო პოლიტიკური ახალი კონცეფციის პირობებიდან გამომდინარეობს, რომელიც პირდაპირ დასავლეთთან მიდის კონფრონტაციაში. პირდაპირ არის დაფიქსირეული, რომ დასავლეთი რუსეთის ფედერაციის მტერია. როგორც ჩანს, შანტაჟს ენაზე ლაპარაკობენ, რაც ზახაროვასთვის მისაღები ფორმაა. ეს საქართველსოთან დაკავშირებითაცაა წარმოჩენილი. ზახაროვს განცხადება არის სხვა არაფერი, თუ არა პირდაპირი მუქარა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის, არის ერთგვარი მუშტის მოღერება, რომ საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალოს, არ დაექვემდებაროს კონსტიტუციურ პრივილეგიას, საუბარი მაქვს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.
ეს ყველაფერი, რაც ზახაროვამ განაცხადა, როგორც ჩანს, უკვე საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაშია დაფიქსირებული. უბრალოდ, ზახაროვამ ეს დებულებები ვადაზე ადრე გაახმოვანა.
თუმცაღა, ეს დებულებები არახალია, რუსებმა ანალოგიური საუბარი დაახლოებით 5 წლის ადრე დაიწყეს, რომ საქართველოს თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება გაეფორმებინა. ზახაროვას მხრიდან ანომალიური და გაურკვეველი ტიპის განცხადება საქართველოს ეროვნული ინტერესების მიმართ უკმეხი დაცინვაა. ბუნებრივია, ამას ქართული მხარე არ შეასრულებს. ყურადღებას არც უნდა აქცევდეს. მაგრამ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ჰიბრიდული ომის ფორმატში პროვოკაციები განახორციელოს, მათ შორის, საინფორმაციო, კიბერ პროვოკაციები, სამხედრო ტიპის პროვოკაციებიც არაა გამორიცხული, რომლის მთავარი იდეა იქნება, რომ აქ მყოფ პრორუსულ, ევრაზიული ტიპის პოლიტიკურ ძალებს გარკვეული ნიშანი მისცენ და ისინი თავიანთი მიმართულებებიდან გამომდინარე აამოქმედონ“, – განაცხადა მაისაიამ.
პოლიტოლოგი ,,3+3“ ფორმატის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ფორმატი „3+3“ საქართველოსთვის აბსოლუტურად მავნე და მიუღებელია. ის რუსეთისა და ირანის რეგიონული ჰეგემონობისკენ სწრაფვას გამოხატავს. განსაკუთრებით, ეს პირდაპირ რუსეთის ეროვნული ინტერესების ქვეშაა. საქართველომ სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ ამ ფორმატს არ მიუერთდა. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც, რატომღაც გვაფიქსირებენ, რომ ვითომ ამ ფორმატის მონაწილეები ვართ. არადა, საქართველო ამ მიდგომას პრინციპულად არ ეთანხმება, არც სახელმწიფო, არც საზოგადოებრივ, არც პოლიტიკურ დონეებზე. ამაზე კონსენსუსია“, – განაცხადა მაისაიამ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
“ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვა, რათა აღიკვეთოს შესაძლო პროვოკაციები გარედან, რაც აქტუალურია ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებას ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამაში ვხედავთ რეგიონში სტაბილურობის გარანტიას. 15 წლის წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა მათი საიმედო დაცვის და ეტაპობრივი განვითარების, თანამედროვე და თვითმყოფად სახელმწიფოებად გადაქცევის გარანტია გასცა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირეობის გაღრმავებას. ერთობლივი ძალისხმევით არსებითი შედეგები იყო მიღწეული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებისთვის. მათი მოკავშირეობის ნათელ მაგალითს წარმოადგენდა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული სპეციალური საომარი ოპერაციისა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მხარდაჭერა“, – განაცხადა ზახაროვამ.
რაც შეეხება ლავროვის განცხადებას – მისი თქმით, რუსეთის მიზანია, ხელი შეუწყოს “3+3” საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას, რომელსაც სასარგებლო და დროულ პლატფორმად მიიჩნევენ.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ 2021 წლის დეკემბერში დაწყებული “3+3” საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ასევე, რუსეთი, ირანი და თურქეთი). ეს პლატფორმა, სადაც იგეგმება რეგიონული მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკულ საკითხებზე ფოკუსირება, მიგვაჩნია სასარგებლოდ და დროულად“, – აღნიშნა ლავროვმა.