დონალდ ტრამპმა ევროკავშირს მოუწოდა, ჩინეთსა და ინდოეთს 100%-მდე ტარიფები დაუწესოს, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებისკენ ისწრაფვოდეს.
“აშშ-ის პრეზიდენტმა ეს მოთხოვნა სამშაბათს აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დროს წამოაყენა, სადაც რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის ვარიანტებს განიხილავდნენ”,- განუცხადა BBC-ს დისკუსიებთან დაკავშირებულმა წყარომ.
ამასთან, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარს ამ კვირაში ან მომავალი კვირის დასაწყისში გეგმავს.
“ჩინეთი და ინდოეთი რუსული ნავთობის ძირითადი მყიდველები არიან, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და სამხედრო მანქანის შენარჩუნებას უწყობს ხელს”,- წერს “ბიბისი”.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეწყვეტდა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას, მისი ბუნებრივი აირის იმპორტის დაახლოებით 19% მაინც იქიდან მოდის.
როგორც “ბიბისი” წერს, თუ ევროკავშირი ჩინეთსა და ინდოეთს ტარიფებს დაუწესებს, ეს მისი მიდგომის შეცვლა იქნება, რომელიც რუსეთის იზოლირებას სანქციებით და არა გადასახადებით ცდილობს.
ტრამპის მიერ ევროკავშირისადმი გაგზავნილი მოთხოვნა, რომლის შესახებაც პირველად Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად იყო ეკონომიკური ზეწოლის ესკალაციისთვის, მაგრამ უფრო ძლიერი ევროპული მხარდაჭერა სჭირდებოდა.