„ლავროვის და ზახაროვას განცხადებებიდან გამომდინარე შეიძლება, ვთქვათ, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოსთან სალაპარაკოდ მზად არ არის“ – ზაალ კასრელიშვილი
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე შეიძლება, ვთქვათ, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოსთან სალაპარაკოდ მზად არ არის“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ზახაროვას განცხადებამ, რომლის თანახმადაც რუსეთი საქართველოსგან “ორი ქვეყნის”- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებას ითხოვს, პირდაპირი გზავნილია დასავლეთისთვის, აღმოსავლეთისა და კავკასიელებისთვის, რომ მათ ისევ აქვთ ხელში ბერკეტები, რომლითაც შეუძლიათ, საქართველოში ვითარება არიონ, დაძაბონ და ამით ევრაზიული მნიშვნელობის მეგაპროექტები, როგორც მინიმუმ, გადაავადონ.
„დღეს ვსაუბრობთ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქართველოს მიმართულებით აქტივობებზე, იმ განცხადებებზე, რომლებსაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირადი წარმომადგენლები ამ ბოლო დროს, გახშირებულად საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებზე აკეთებენ. სანამ კონკრეტულად ქალბატონი ზახაროვას განცხადებას შევეხებოდეთ, გვინდა, ორიოდ სიტყვით შეგახსენოთ, გარშემო რა პროცესები მიდის. რუსეთ- უკრაინის ომი გადამწყვეტ, კიდევ უფრო აგრესიულ, სისხლისმღვრელ, დამანგრეველ ფაზაში შედის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება დაძაბულია, ვითარება აზერბაიჯანსა და ირანს შორისაც დაიძაბა, იცით, თურქეთში ასეთი მძიმე ფორმის მიწისძვრა მოხდა. ამ ფონზე, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მეგაპროექტების ეპოქა იწყება, რომელიც ქვეყანას კაცობრიობის განვითარების მანძილზე თავის ისტორიულ ადგილს უბრუნებს. ვფიქრობთ, რომ ასევე საქართველოს აქტიურობა ევროპელ, ამერიკელ კოლეგებთან, მის მიმართ ნატო-ს ხელმძღვანელობის მხრიდან ინტერესი, საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა იმისათვის, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეშფოთებულიყო და საქართველოს მიმართ განცხადებები გაეკეთებინა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ნაბიჯ- ნაბიჯ, ნელ-ნელა, მაგრამ წინსვლას მაინც ახერხებს. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, აშშ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას განაახლებს. ევროპელები ჩვენს წინსვლას კარგად აფასებენ და ეს ევროპულ ოჯახში კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს შეუწყობს. ნატო- ს ხელმძღვანელობა პირდაპირ შეშფოთებულია იმით, რომ საქართველო ამ გამოწვევების ფონზე დაუცველია და აუცილებლად დაგვეხმარება, ინვესტორები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები არიან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ტრანსევრაზიული მეგაპროექტები უკვე დაწყებულია, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გაძლიერდება. ამ ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განცხადება გააკეთა, რამდენიმე წუთს საქართველოს ხელისუფლება აქო, შემდეგ საქართველო „3+3 ფორმატზე“ მიიწვია. არ გვგონია, რომ ლავროვი, ასეთი გამოცდილი დიპლომატი, ვერ ხვდებოდეს იმას, რომ დღეს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ვინმეს ქება უკურეაქციას გამოიწვევს. ეს შეგნებულად გააკეთა. მოტივაცია მისცა საქართველოში ოპოზიციურ ძალებს, რომლებმაც უკვე წლებია, პოლიტიკური მოვლენა ვერ შექმნეს; ლავროვმა ასევე ავიარეისების გახსნაზე ილაპარაკა. არ გვგონია, რომ ისინი საქართველოს საქმიანობით კმაყოფილები არიან. არ გვგონია, რომ ისინი ავიამიმოსვლებს გაანხლებენ, რაც შეეხება „3+3“ ფორმატს, ისევე როგორც ადრე, ამას დღის წესრიგის გარეშე გვთავაზობენ, არ გვეუბნებიან, რა თემებზე უნდა იყოს ლაპარაკი, წინასწარ საკითხებს არ გვითანხმებენ. ჩვენი საუბარი პირველ ეტაპზე მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობაზე შეიძლება, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ ცხინვალი და აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკები არიან, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან, ამის იქით „3+3 ფორმატში“ რაზეც გვინდა ვილაპარაკოთ, რეგიონში მშიდობისა და სტაბილურობაზეო.
ამის ნათელი მაგალითი ქალბატონი ზახაროვას განცხადებაა, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ მათ აფხაზეთი და ცხინვალი როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკები აღიარეს, რომ ამ ტერიტორებზე რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, რომ ისინი სისხლხორცეულად არიან დაინეტერესებულები, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობა და სტაბილურობა დაიცვან. მეტიც – მოგვთხოვეს, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ურთიერთობა განვაახლოთ, 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, ამ ორი მაღალჩინოსნის განცხადებებიდან გამომდინარე (ისინი თავისი ნებით ვერცერთ განცხადებას ვერ გააკეთებენ) შეიძლება, ვთქვათ, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოსთან სალაპარაკოდ მზად არ არის. არც უნდა, საკენკს გვიყრის იმისთვის, რომ კიდევ ვიმეორებ – ოპოზიციას ქვეყანაში მოტივაცია მისცეს, გააქტიუროს და ეს პროცესი დაიწყო, ერთი მხარე მეორე მხარეს ეძახის რუსს, მეორე კი პირველ მხარეს.
ლაპარაკია სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომლითაც საქართველომ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ ცხინვალსა და აფხაზეთში თავის მოსახლეობის დაბრუნებას ძალით არასდროს შეეცდება. ამას როგორც შუამავალმა რუსეთმაც უნდა მოაწეროს ხელი. სინამდვილეში ის მხარეა, არც აფხაზეთი აინტერესებს, არც ცხინვალი, არც საქართველო. მას უნდა დოკუმენტი, ფურცელი სჭირდება იმისთვის, რომ სამომავლოდ საქართველოში სამხედრო ოპერაციები განახორციელოს. ჯერ ამისთვის არ სცხელა, სერიოზული ომი აქვს, ამ გაზაფხულზე ომი გაურთულდება.
ზახაროვას განცხადება პირდაპირი გზავნილია დასავლეთისთვის, აღმოსავლეთისა და კავკასიელებისთვის, რომ მათ ისევ აქვთ ხელში ბერკეტები, რომლითაც შეუძლიათ, საქართველოში ვითარება არიონ, დაძაბონ და ამით ევრაზიული მნიშვნელობის მეგაპროექტები, როგორც მინიმუმ, გადაავადონ. გაჩერებით ვერ გააჩერებენ, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ანალიტიკოსი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოსთან დაკავშირებულ გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„პარალელურად, ნატოა ძალიან გააქტიურებული. ნატო-ს გენერალური მდივნის და მინისტერიალის საბჭოს განცხადებები პირდაპირ საქართველოზეა მიმართული, ისინი ქვეტექსტით ამბობენ, საქართველო ამ ომის გამო უყურადღებოდ დაგვრჩა, ნატო ვალდებულია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე, მატერიალურად, რადგან ის რუსეთის აგრესიული პოლიტიკითაა დაზარალებულიო. ამას გაღიზინება მოსდევს და პუტინის ბუდის წარმომადგენელი, პესკოვი ამბობს, რომ ნატო წითელ საზღვრებს გადადის. ამის იურიდიული მტკიცებულება არ აქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინაში განახლებული შეტევების დაწყებამდე შიდა პოლიტიკური ბაზრის და იმ ქვეყნების გასაგონად, რომლებიც დასავლეთთან კარგად არ არიან, ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ეს აღარ იქნება რუსეთი-უკრაინის ომი და ეს იქნება რუსეთ-ნატო-ს ომი. იცით, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინას ძალიან სერიოზულ ტექნიკას აწვდიან. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მალე ავიაგამანადგურებლებსაც გადასცემენ. ვფიქრობთ, აპრილ-მაისში რუსეთ-უკრაინის ომს სახელი დაერქმევა და ყველას გვეცოდინება, საით მიდის ეს ომი – მოლაპარაკებებისკენ, თუ უფრო მძიმე შეიარაღების გამოყენებისკენ, უფრო მძიმე ტაქტიკურ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების მიმართულებით“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო.
„უკრაინაში ომიდან რა გაკვეთილიც მივიღეთ, პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული უზრუნველყოფაა. როგორც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა შეჭრამდე, ასევე, მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსული შეჭრის მიმართ. ამიტომ, მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ, კრიზის-მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასე რომ, საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობა და საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვაკეთებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
რაც შეეხება ზახაროვას განცხადებას – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განცხადება 2 დღის წინ გააკეთა.
“ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვა, რათა აღიკვეთოს შესაძლო პროვოკაციები გარედან, რაც აქტუალურია ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებას ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამაში ვხედავთ რეგიონში სტაბილურობის გარანტიას. 15 წლის წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა მათი საიმედო დაცვის და ეტაპობრივი განვითარების, თანამედროვე და თვითმყოფად სახელმწიფოებად გადაქცევის გარანტია გასცა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირეობის გაღრმავებას. ერთობლივი ძალისხმევით არსებითი შედეგები იყო მიღწეული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებისთვის. მათი მოკავშირეობის ნათელ მაგალითს წარმოადგენდა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული სპეციალური საომარი ოპერაციისა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მხარდაჭერა“, – განაცხადა ზახაროვამ.
რაც შეეხება ლავროვის განცხადებას – მისი თქმით, რუსეთის მიზანია, ხელი შეუწყოს “3+3” საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას, რომელსაც სასარგებლო და დროულ პლატფორმად მიიჩნევენ.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ 2021 წლის დეკემბერში დაწყებული “3+3” საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ასევე, რუსეთი, ირანი და თურქეთი). ეს პლატფორმა, სადაც იგეგმება რეგიონული მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკულ საკითხებზე ფოკუსირება, მიგვაჩნია სასარგებლოდ და დროულად“, – აღნიშნა ლავროვმა.