„პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად გუნდურად გვიბრძოლია ბოლო წუთამდე“ – ქირურგი, ბაბუის კვალზე, სიყვარულით არჩეულ ურთულეს პროფესიასთან ერთად

ქირურგების ოჯახში დაიბადა.  დიდი  ბაბუა – აკადემიკოსი, „ქირურგიის მამად“ წოდებული ეგნატე ფიფია იყო.
პირველი ქირურგიული ნათლობა 1997 წელს მიიღო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი დაამთავრა. ზოგადი ქირურგიის რეზიდენტურა კი რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში  გაიარა.
მცხეთის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2012 წლიდან დღემდე  კი აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს ქირურგად,  ასევე  წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის  ექიმი ქირურგია.
ამბობს, რომ როგორც ყველა ქირურგს, მასაც ჰქონია წარმატებული შემთხვევები:
„ეს ის პაციენტები არიან, რომელთა სიცოცხლის გადასარჩენად  გუნდურად გვიბრძოლია ბოლო წუთამდე, ამ ადამიანებთან დღემდე ვინარჩუნებთ მეგობრობას და ურთიერთობას“.
ქირურგობასთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია,  ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას რამდენიმე უნივერსიტეტში. – ქირურგ ირაკლი ფიფიას პერსონა.

 – ქირურგების ოჯახში დაიბადეთ.  ბავშვობა, სკოლა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი… პროფესიის არჩევა ალბათ ოჯახურმა ტრადიციებმა განაპირობა?
– დავიბადე  ქირურგების ოჯახში, დიდი ბაბუა იყო აკადემიკოსი ეგნატე ფიფია, ბაბუა – აგრეთვე ქირურგი, პროფესორი ვახტანგ ფიფია, ბიძა –  ქირურგი გოგა ფიფია. ბებიაჩემის ძმა – პროფესორი, ქირურგი დავით ხაზარაძე. არავის დაუძალებია პროფესიის არჩევა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მოახდინა იმ გარემომ, სადაც გავიზარდე. სანამ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებას გადავწყვეტდი,  ბაბუაჩემმა დავით ხაზარაძემ წამიყვანა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც პირველად დავიბანე ხელი.
ჩემი ქირურგიული ნათლობა მოხდა 1997 წელს, ბატონი თემურ კანდელაკის მეშვეობით.
1998 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებულ კოლეჯში. როგორც ყოველთვის, სტუდენტური პერიოდი  ძალიან საინტერესო და მხიარული იყო, ძალიან გამიმართლა, ჯგუფში ერთად ვისწავლეთ რვა წელიწადზე მეტი და დღემდე ვინარჩუნებთ მეგობრობას და ურთიერთობას.
 რით იყო დასამახსოვრებელი სტუდენტობა?
სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვმორიგეობდი აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში – როგორც მიმღებ, აგრეთვე რეანიმაციულ განყოფილებაში. იმ პერიოდში კლინიკა მუშაობდა სრული მასშტაბით. ახალგაზრდა ექიმებს, სტუდენტებს  სხვადასხვა ტიპის სასწრაფო და გეგმური ოპერაციების ნახვის საშუალება ჰქონდათ.
– გაიარეთ სარეზიდენტო პროგრამა  – „ზოგადი ქირურგია“…  დღეს წარმატებული ქირურგი ხართ…
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ზოგადი ქირურგიის რეზიდენტურაში. ძირითადი კურსი გავიარე რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში.
განყოფილება ისტორიულად გამოირჩეოდა ახალგაზრდა ექიმებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. რეზიდენტურის პერიოდში საშუალება მოგვეცა, ეტაპობრივად გაგვეკეთებინა სხვადასხვა სირთულის ოპერაციები. განყოფილებაში, უფროსი კოლეგების დახმარებით, მრავალი წარმატებული ქირურგი გაიზარდა.
– ზოგადი ქირურგიის ყველაზე რთული შემთხვევა ალბათ სიმსივნეებია. დღეს ჩვენთან რომელი ოპერაციებია ამ მხრივ ყველაზე მეტად წარმატებული?
– ჩვენი კლინიკიში პრაქტიკულად ყველა ტიპის ოპერაციები ხორციელდება, როგორც გეგმური ონკოლოგიური შემთხვევები, აგრეთვე – გადაუდებელი ჩარევები. დღევანდელ რეალობაში ქირურგიის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა, რაც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, როგორიც არის, მაგალითად, ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო პროტოკოლებზე და გაიდლაინებზე წვდომა, კონფერებში  მონაწილეობა.
– ტელეგადაცემაში ამბობთ, რომ ტრავმის  მართვაში ერთერთი გადამწყვეტია დრო ანუ  დროული სამედიცინო დახმარება…   რამდენად ხშირად გქონიათ მსგავსი შემთხვევები, როდესაც მძიმე პაციენტი გადაგირჩენიათ?
– როგორც ყველა ქირურგს, მეც მქონია წარმატებული შემთხვევები. ეს ის პაციენტები არიან, რომელთა სიცოცხლის გადასარჩენად  გუნდურად გვიბრძოლია ბოლო წუთამდე. ამ ადამიანებთან დღემდე ვინარჩუნებთ მეგობრობას და ურთიერთობას. ეს ის დადებითი ნაწილია ამ ურთულესი პროფესიისა, რომელიც რჩება მთავარ მოტივატორად, გააგრძელო საექიმო  საქმიანობა.
– ფიფიების სამედიცინო დინასტიას წარმატებით აგრძელებთ.  სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი  დიდ პაპას – ეგ­ნა­ტე ფიფიას გადარებენ,  რომელიც ამბობდა, რომ ავადმყოფი  დიდ ყურადღებას და ზოგჯერ უძილო ღამესაც მოითხოვს, ავადმყოფის ტკივილი თქვენი ტკივილი უნდა იყოს… თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ქირურგი?
–  არის ასეთი გამონათქვამი, რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია ექიმობა და ყველა ექიმს –  ქირურგობა. ვფიქრობ, იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც ქირურგს გააჩნია, ქირურგი დაჯილდოებული უნდა იყოს განსაკუთრებული ადამიანური და ინტელექტუალური თვისებებით.
ერთხელ ეგნატე ფიფიას ჰკითხა სტუდენტმა, თუ როგორი უნდა იყოს ქირურგი, რაზედაც მან უპასუხა პირჯვრის გადაწერით: აზროვნება, გული და ხელი… ალბათ ეს არის მარტივი და ყოვლისმომცველი პასუხი ამ რთულ კითხვაზე.
მედიცინა წინ მიდის, ასევე – ქირურგიაც… უახლესი ტექნოლოგიები უკვე ფართოდ ინერგება…  უცხოეთის ქირურგიულ კლინიკებში, ძირითადად, გერმანიაში სტაჟირება არაერთხელ გაგივლიათ…
– ქირურგია საკმაოდ სწრაფად განვითარებადი დარგია. ბედნიერი ვარ, რომ რამდენჯერმე  მომეცა საშუალება, ევროპის წამყვან კლინიკებში გამევლო სტაჟირება. პაციენტების რაოდენობიდან  გამომდინარე, ყოველდღიურად ვმონაწილეობ ურთულეს და იშვიათი ტიპის ოპერაციებში, რაც, ვფიქრობ, ქართველი ექიმებისთვის საუკეთესო საშუალებაა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ხართ, მუშაობთ ახალგაზრდებთან…
– ვარ დოქტორანტი ილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას რამდენიმე უნივერსიტეტში. ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიან საინტერესო და დინამიკური პროცესია, მუდამ ცდილობ, არ ჩამორჩე იმ სიახლეებს, რაც ასეთი მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის. სტუდენტები აქტიურად ესწრებიან ოპერაციებს, მონაწილეობენ პაციენტების განხილვაში.
– მეუღლე და ორი შვილი გყავთ…
– მეუღლე ანა კურატაშვილი პროფესიით გინიკოლიგია,უფროსი შვილი –  ნიკა, 11 წლის,  სკოლის მოსწავლეა, ანდრო ოთხი წლის არის. ვცდილობ, თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გავატარო.

                                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები