ზურაბ ჩხაიძე: მგონი, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური
ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური, კოვიდინფექციაზე ტესტი არის უარყოფითი. მე მგონი, ეს მის მომხრეებსა და მხარდამჭერებს უნდა უხაროდეთ, მაგრამ მე მგონი, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური, – ამის შესახებ “ვივა მედის” კლინკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას პარენტერალური კვება შესთავაზეს, თუმცა, სააკაშვილი თავს იკავებს და აკონტროლებს კალორაჟს, რომ ის იყოს 400-500 კალორიის ფარგლებში.
“პირველ ყოვლისა, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გუშინ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსზე PCR ტესტი განმეორებით გავუკეთეთ და უკვე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. გუშინვე გადამოწმდა მისი სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზები და უნდა ითქვას, რომ ანალიზების ლაბორატორიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება.
დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური, კოვიდინფექციაზე ტესტი არის უარყოფითი. მე მგონი, ეს მის მომხრეებსა და მხარდამჭერებს უნდა უხაროდეთ, მაგრამ მე მგონი, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური”, – აღნიშნა ჩხაიძემ.
“ვივა მედის” კლინიკური დირექტორის თქმით, სააკაშვილის გადმოცემით, წამიერად დაკარგა წონასწორობა და დაეცა. ჩხაიძე განმარტავს, რომ ფაქტს ექთანი არ შესწრებია და მიხეილ სააკაშვილს დაზიანებები არ აქვს.
“პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას, როგორც თვითონ ამბობს. ექთნის მიერ ნანახი იქნა უკვე უშუალოდ საწოლში პაციენტი და მან განუცხადა ის რაც მოხდა, როდესაც ის შევიდა ტუალეტში. არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება, როგორც თვითონ ამბობს, არც ტკივილს უჩივის, ამბობს, რომ არც თავის დარტყმა არ ყოფილა”, – თქვა ჩხაიძემ.