დავით ნარმანია ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია USAID-ის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.

„ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, ხელი შეეწყოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის ზრდას. გვაქვს მოლოდინი, რომ ენერგეტიკის სექტორში განხორციელდება უფრო მეტი ინვესტიცია. ადგილობრივი წარმოების განვითარება ნიშნავს მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას, ქვეყნის შიდა მოხმარების დაკმაყოფილებას. ამასთანავე, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ეფექტური იქნება. აუცილებელია, დროთა განმავლობაში საქართველომ შეამციროს ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.
ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმს ესწრებოდნენ საჯარო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელზე, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ფორუმი გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, USAID/საქართველოს მისიის წარმომადგენელმა, კლერ მეისონმა და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები