„სოფელსა შინა“ – საპრემიერო ჩვენება ბათუმის თეატრში

 ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო ჩვენება გაიმართა. თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ალექსანდრე ქანთარიამ სპექტაკლი „სოფელსა შინა“ მიხეილ ჯავახიშვილის პიესის – „შერცხვენილნის“ მიხედვით დადგა.
სპექტაკლს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, თეატრის მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
„სოფელსა შინა“ პირველი სპექტაკლია, რომელიც ალექსანდრე ქანთარიამ ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ დადგა. ორმოქმედებიანი დრამის მძაფრი სიუჟეტი, მკაფიოდ დახატული პერსონაჟები, ამბის ჯავახიშვილისეული სიღრმე, სოციუმის ფართო სპექტრი, ნათელი სიმბოლიკა, რომელიც საქართველოს ბედზე დააფიქრებს ადამიანს – ეს ყოველივე ქმნის უაღრესად საინტერესო სანახაობას და მონუსხულს ტოვებს მაყურებელს.
სპექტაკლის მხატვარია გოგლა გოგიბერიძე, კომპოზიტორი – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე, რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები